მსახიობი გიორგი კალანდაძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს აკრიერის დაპაუზებასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდში ნაკლებად აქტიური ხართ, როგორც მსახიობი, რატომ? ცოტა ხნის წინ გადაცემა „პოსტალიონიც“ დატოვეთ. არხიდანაც წამოხვედით?
მხოლოდ „პოსტ ალიონი“ დავტოვე. ამ მომენტისთვის ჩემი სამსხურეობრივი ურთიერთობა „პოსტვისთან“ პაუზაზეა, თუმცა გვაქვს გეგმები, რომელსაც ალბათ, განხორციელება უწერია. ახლა მთელი ჩემი დრო ჩემს თავს, ოჯახსა და შვილს ეთმობა. დასვენების დროა. 2006 წელს, 18 წლის წინ მივედი „მზეში“ და მას შემდეგ, დაახლოებით, 18 წელია, ამდენი ხნით არ დამისვენია. რაც შეეხება მსახიობობას, ჩემი რთული ხასიათიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში, ანუ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უარი მაქვს ნათქვამი ისეთ შემოთავაზებებზე, რომელზეც სხვები ოცნებობენ და რომელსაც დიდი სიხარულით თანხმდებიან. მე სხვანაირი ადამიანი ვარ და თუ რაღაცები არ მაკმაყოფილებს, თუ შესაბამის გარემოს ვერ ვხედავ, დაუფიქრებლად შემიძლია, მთავარ როლზეც უარი ვთქვა ისეთ პროექტში, რომელში მოხვედრაზეც რიგები დგას. აუცილებელი არ არის, ყველა შემოთავაზებას ავტომატურად დათანხმდე. ეს ჩემი დამოკიდებულებაა, არავის ვაკრიტიკებ. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო, ადამიანები, მათი ქცევა, ურთიერთობის ხარისხი. ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას, კარგი და მთავარი როლი ან მაღალი ანაზღაურება ჩემთვის საკმარისი არგუმენტი არ არის. ტოქსიკურ გარემოში არანაირი ხელფასისა და კარიერული ამბიციების გამო არ ვიმუშავებ. ასე რომ, გარეშე თვალისთვის ჩანს, რომ გიორგი კალანდაძე არსად არის სამსახიობო პროფესიით დაკავებული, მაგრამ მაყურებელმა თუ მკითხველმა არ იცის, რომ მე ამას თვითონ ვწყვეტ.
რამდენად იღბლიანი ხართ პირად ცხოვრებაში?
გააჩნია ვინ რას თვლის იღბლად. შეიძლება, საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ იღბლიანი ხარ, თუ ოჯახი გაქვს. ვიღაც მიიჩნევს, რომ მარტო ცხოვრებაა კარგი. ინდივიდუალურია. მე მიმაჩნია, რომ მაგ მხრივაც ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. იდეალური ბალანსი ცხოვრებაში, რომელიც ახლა მაქვს ნაპოვნი, ბოლომდე მაკმაყოფილებს. არაჩვეულებრივი შვილი მყავს. დაოჯახებას ჯერჯერობით არ ვგეგმავ და თუ ოდესმე ვიფიქრებ, რომ ეს იქნება ჩემთვის ყველაზე კარგი ფორმატი, ისევ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. ახლა ვფიქრობ, რომ თავისუფლება ძალიან გემრიელია.