თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„გუშინ გაიხსნა განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში და ეს არის კიდევ ერთი განახლებული ინფრასტრუქტურა თბილისის აეროპორტში. 70 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ინვესტორმა, ძალიან მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ თავად ზოლის განახლება მიმდინარეობდა აეროპორტის ოპერირების დროს, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია და უნიკალური გამოცდილება შეიძინა ჩვენმა აეროპორტმა ამ მიმართულებით. 12 კვირის განმავლობაში დასრულდა სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ, ასევე, დავაანონსეთ, რომ იქ ახალი ტერმინალის მშენებლობაც დაიწყო უკვე. ასე რომ, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადის, რომელიც დღეს საქართველოში გაგვაჩნია“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ავიარეისები ემატება, რაც კვირიკაშვილის თქმით, მისასალმებელია.