LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში დაიწყო

77

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგს და რეგიონში არსებულ ვითარებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საჯარო გამოსვლა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში, სადაც ისაუბრებს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე – ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ,,საქართველოს ევროპული გზა”. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები.


გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება.

magti 5g