LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს

66

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასმართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ტკივილით, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა, „ჩვენ ამითაც გავძლიერდით“.

„ჩვენ თითქოს გენეტიკურად მზად ვართ ასეთი ტრაგედიებისთვის. დღეს, როდესაც ტატუნაშვილზე იყო საუბარი, სულ მახსენდებოდა „სტუმარ-მასპინძელი“. ზვიადაური არის სიმბოლო გაუტეხელი ქართველის, რომელიც იქ უნდა მოკლან მტრის ტერიტორიაზე და ამისთვის გენეტიკურად თითქოს მზად ვართ და ასეთ ქმედებები თითქოს გვაძლიერებს. მთელი საზოგადოება შეიკრა. აქ არ იყოს განსხვავება ჩვენში. არ იყო ცალკე ხელისუფლება, ცალკე ოპოზიცია, ცალკე მთავრობა. ყველანი ვიყავით გაერთიანებულები ამ ტკივილით. ოჯახი, რომელსაც ამხელა ტკივილი მიადგა და ეს ტკივილი გრძელდებოდა ამ დღეების განმავლობაში, მარტო არ იყოს დატოვებული არა მარტო თავისი თემის მიერ, არამედ მთელი საზოგადოების მიერ და ჩვენ ამ ერთიანობაში გავძლიერდით. ვფიქრობ, რომ ის მიზანი, რომელიც იყო დასახული ჩვენი მტრის მიერ – რომ ნეშტის არ გადმოცემით მოეყენებინა ჩვენთვის მეტი ტკივილი, გარკვეულწილად მცდელობა იყო იმისა, რომ შეურაცხმყოფელი ყოფილიყო ეს ყველაფერი, მცდელობა იყო იმისა, რომ ამას რაღაც ძვრები გამოეწვია საზოგადოებაში – ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად არ გამოუვიდათ. ჩვენ ყველა ერთად ვიყავით და დღესაც ერთად ვგლოვობთ, ჩვენს საერთო ქვეყნის ტკივილს განვიცდით. ვფიქრობ, აქაც მოვიგეთ და წინ წავიწიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტკივილი მოგვაყენეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა იმ ერთსულოვნებას, რომელიც პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუზიასთან მიმართებაში გამოიჩინა.

„სრულიად მივესალმები და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყოს სწორედ ის, რომ აქ არ ყოფილიყო ერთპარტიული პოზიცია, არამედ ყოფილიყო მრავალპარტიული ერთობა. ეს ერთობა ასეთ საკითხებში მისაღწევია და მივესალმები, რომ ეს იქნა მიღწეული, თუმცა არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი ამასთან მიმართებით. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და მიმაჩნია, რომ საქართველომ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სწორედაც რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ამ საკითხის წამოწევა და სარჩელის შეტანა. ასეთი თვალსაზრისით ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო ბერკეტს იმისთვის, რომ რუსეთი, როგორც ეფექტური ხელისუფლების განმახორციელებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იყოს ამ თემაში მოპასუხის როლში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ ასეთი სარჩელი იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს.

magti 5g