რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ჯაზისა და პოპმუსიკის ვარსკვლავი, მუსიკოსი გიორგი მიქაძე სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძის ალბომმა „Giorgian MicroJamZ“- გერმანული კრიტიკოსების მიერ დაარსებულ პრემია Preis der deutschen Schallplattenkritik“ მოიპოვა, კატეგორიაში 2020 წლის საუკეთესო „ჯაზ-ქროსოვერი“ (Jazz crossover).
-ძალიან დიდი კონკურენციაა მსოფლიოში, თუმცა პირველობას არასდროს თმობ, როგორი განცდაა, როდესაც ხდები გამარჯვებული?
-იტალიაში, როდესაც პანდემიით გამოწვეული საშინელი მდგომარეობა ჰქონდათ, მუსიკის ერთ-ერთი კრიტიკოსი ჩემი ალბომის შესახებ წერდა, რაც ცოტა გამიკვირდა, თუმცა ძალიან მადლობელი ვიყავი იმ მომენტში. ბევრი გამოცემა წერდა ამის შესახებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი კონცერტი გაუქმდა. ამერიკით ვიწყებდი ტურს, კერძოდ ბოსტონში უნდა ჩავსულიყავი და ჩამეტარებინა კონცერტები. რთული სიტუაციაა, თუმცა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.
-ვინ იღებდა მონაწილეობას ალბომის შექმნაში?
-მთავარი პერსონა, რომელიც ჩემს გვერდითაა და ჩემი პედაგოგი იყო, ბერკლის კოლეჯის პროფესორია, დევიდ ფიუზინსკი. მასთან ერთად სხვა ალბომიც მაქვს ჩაწერილი. ასევე მონაწილეობას იღებდნენ ძალიან ცნობილი დრამერი შონ რაითი და ამერიკელი ბასისტი. ერთ-ერთ კომპოზიციაში ქართველი ფოლკლორისტი ქალბატონი ნანა ვალიშვილი მღერის სიმღერას „დატირება“, რომელიც მივუძღვენი 2008 წელს ქართველი დაღუპულების ხსოვნას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კომპოზიციის გაკეთება. გამოყენებული მაქვს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი ზუსტად იმ ჟღერადობაში, როგორც ჟღერს ორიგინალში. მთელი 10 წლის მანძილზე, რაც წასული ვარ, საქართველოში ამდენი ხნით არ გავჩერებულვარ, ძალიან მაკლდა ოჯახთან ერთად ყოფნა, ამიტომ ამ პანდემიას ერთი კარგი დადებითი ეს აქვს.
-ღელავ თუ არა, როდესაც ამხელა აუდიტორია გისმენს?
-არა, პირიქით ძალიან დიდ ადრენალინს ვიღებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონცერტის ბოლოსკენ მიდიხარ და მთელი ენერგიის მოზღვავება ხდება.
https://www.facebook.com/266131756744994/videos/949490545488859