LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნონიაშვილი: “როგორ შეიძლება ქართულ ოცნებას მოსთხოვო დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინება ამ შემთხვევაში, როდესაც მას ამის უნარი აღარ შესწევს?”

135
noniashviligiorgi

“ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეიძლებოდა,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი ნონიაშვილმა რადიო”ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, რა დროსაც ევროკომისიის დასკვნა შეაფასა.

როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, პასუხისმგებლობა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ხელისუფლებას ეკისრება.

“ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მაქსიმუმი, რისი მიღებაც შეიძლებოდა. ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და იმის მიხედვით, თუ რა ფორმაშიც ვართ ქვეყანა.

თუმცა, ის რაც მივიღეთ სამწუხარო შედეგია, რომ შევადაროთ მოლდოვას და უკრაინის მდგომარეობას.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვეძლო კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, შეგვეძლო, რომ ფორმაში ვყოფილიყავით, რომ არა ამ ხელისუფლების ოლიგარქიული და ავტორიტარული რეჟიმი, მთელი თავისი რიგი ინსტიტუციური პრობლემებით.

ამიტომ, აქ მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩააგდო ეს ქვეყანა.

შედეგად, ის ევროპული მომავალი უფრო შორს არის ჩვენგან, ვიდრე უნდა ყოფილიყო.

ჩვენ იმ ტრიოში უნდა ვყოფილიყავით, სადაც აღარ ვართ, სამწუხაროდ,” – აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად თვლის “ევროპული საქართველო”, რომ საქართველოსთვის პერსპექტივის მიცემა მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, გიორგი ნონიაშვილმა განმარტა:

“როგორ შეიძლება ქართული ოცნება ამას მიღწევად თვლიდეს, როცა მთავარი რეკომენდაციების ნაწილი ზუსტად იმას ეხება, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე?

სინამდვილეში ხომ ამ პირობებში ის ეწერა, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა დამთავრდეს.

შავით თეთრზე ეწერა ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება ქართულმა ოცნებამ ეს მიღწევად ჩათვალოს?

პირიქით, ეს არის “ქართული ოცნების” დამსახურება, ოღონდ არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური კუთხით.

როგორ შეიძლება ქართულ ოცნებას მოსთხოვო დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინება ამ შემთხვევაში, როდესაც მას ამის უნარი აღარ შესწევს?

მთავარი გადაწყვეტის გზა არის ივანიშვილის რეჟიმის, როგორც ოლიგარქიული რეჟიმის პრობლემის მოგვარება.

ეს პრობლემა არის ჩვენ მიერ მოსაგვარებელი და არა ჩვენი დასავლელი მეგობრების მიერ.

ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენ მარტივი წინაპირობა დაგვიწესეს: მოაგვარებთ ქვეყნის შიგნით ამ პრობლემას და ოლიგარქიას შეცვლით დემოკრატიით, ან ჩვენ ვერ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები.

ეს არის ის სტატუს-კვო, რომელშიც, სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება.

მთავარია, პრობლემა გამოვასწოროთ,” – აღნიშნა გიორგი ნონიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g