Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში დიზაინერ გიორგი ქებურიას კოლექციის ჩვენება გაიმართა. მისი ინსპირაცია 80-90-იანი წლებია. დიზაინერს უნდოდა ეჩვენებინა ტრანსფორმაცია იმ დროიდან დღევანდელობამდე. იგრძნობოდა ამერიკული სპორტული სტილიც. ქებურიამ კოლექციის შექმნისას შალი, ტვიდი, ტრიკოტაჟი და აბრეშუმი გამოიყენა. ჭარბობდა შავი, თუმცა იყო ვარდისფერი, მწვანე და ლურჯი ფერებიც. დიზაინერმა საკმაოდ საინტერესო სილუეტი შემოგვთავაზა – მამაკაცის პიჯაკები, როგორი სტილიც 80-იანებში გამოიყენებოდა შეხამებული ქალის სილუეტთან.
ჩვენება დადებითად შეაფასა მოდის ბლოგერმა, ანანო დოლაბერიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გიორგიმ შეძლო კოლექციით სათქმელი მოეტანა. დიზაინერმა ლაკო ბუკიამ გიორგი ერთ-ერთ ქართველ დიზაინერად დაასახელა, რომლის ლუქსაც ხშირად ირგებს, ჩვენებით კი ძალიან აღფრთოვანებული დარჩა. როგორც მოდელი, კრისტი ყიფშიძე ამბობს, გიორგი ქებურიას თავისებური ხედვა აქვს, ინდივიდუალიზმს ისე გთავაზობს, რომ აქტუალურობასაც არ კარგავს. კრისტიმ კოლექცია სასიამოვნო ფერებით გამოარჩია.






