ესპანეთის ნაკრებთან ღირსეული დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის.
როგორც გიორგი ქოჩორაშვილი აღნიშნავს, გერმანიაში გამართულ მატჩებზე, ქართველი ქომაგის დამსახურებით, ფეხბურთელები თავს გრძნობდნენ როგორც საკუთარ ქვეყანაში და მათ ეს მხარდაჭერა აძლიერებდათ:
„დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია. დებიუტანტი გუნდი, რომელმაც გააცნო ყველას თავი საკუთარი იდენტობით. 26 მარტის მატჩის დასრულების შემდეგ, ყველას ერთი მიზანი გვქონდა: ტურნირზე ჩვენი გამოსვლის შემდეგ ქართველ ხალხს თავი ამაყად ეგრძნო და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.
ყველა ის წამი, რომელიც შეკრების დაწყების დღიდან ერთად გავატარეთ, მართლაც უნიკალური და დაუვიწყარი იყო. ვფიქრობ, ამ ერთიანობამ მოიტანა ის შედეგი, რომლითაც დღეს შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, ხვალინდელი დღის უკეთესი შედეგის იმედად.
ბევრჯერ მითქვამს და არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივარი გვყავს, რომელიც არასდროს გვტოვებს მარტო. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ, გერმანიაში, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდით.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ტრიბუნიდან, ქუჩის ეკრანებიდან, თუ სახლიდან, ყველა ძალა ჩვენამდე სრული სიზუსტით მოვიდა და ამან ყველა ეტაპზე გაგვაძლიერა.
მომავალ შეხვედრამდე“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.
დაუვიწყარი თავგადასავალი გერმანიაში დასრულებულია. დებიუტანტი გუნდი, რომელმაც გააცნო ყველას თავი საკუთარი იდენტობით. 26…
Posted by Giorgi Kochorashvili on ორშაბათი, 01 ივლისი, 2024