„პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მწვავე წინააღმდეგობას გაუწევს „ოცნების“ ამ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივას. ყველა პოლიტიკურ ბერკეტს და ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს და ჩვენს ემიგრანტებს არ შეეზღუდოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ემიგრანტებისთვის საკუთარი ხმის რეალიზაციის მასობრივად შეზღუდვის დაკანონებას ცდილობს“.
„ეს შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კატასტროფულად წააგო“ – წითლიძე „საარჩევნო კოდექსში“ დაანონსებულ ცვლილებებზე
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს.
„ვეხმაურებით „ქართული ოცნების“ მორიგ აბსურდულ, ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის, ხმის უფლების საყოველთაო კონსტიტუციური პრინციპისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნაზე.
იმის ნაცვლად, რომ მზარდი ემიგრაციის პირობებში არჩევნების სამართლიანობის და ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უფრო მეტ გარანტიას ქმნიდეს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისთვის, „ოცნება“ სრულიად საპირისპიროს აკეთებს – ხელოვნურ ბარიერებს უწესებს ათობით ათას საქართველოს მოქალაქეს და ფაქტობრივად, ხელს უშლის არჩევნებში მათ თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც ნამდვილად ეწინააღმდეგება ხმის მიცემის საყოველთაობის პრინციპს. რაც მთავარია, ამით „ოცნება“ აღიარებს, რომ ეშინია არჩევნების და მისი 60%-იანი მხარდაჭერა მხოლოდ სიცრუე და მითია.
ამ ინიციატივით „ოცნება“ ცდილობს საქართველოს იზოლირებას უკვე არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, არამედ ცდილობს საქართველოს იზოლირებას საკუთარი მოქალაქეებისგანაც.
„ოცნება“ აღიარებს, რომ სურს ხმის უფლება შეუზღუდოს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის ქვეშ არ არის და ეს დაუმალავად გაამხილა.
„ოცნება“ ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის – ემიგრანტებისთვის საკუთარი ხმის რეალიზაციის მასობრივად შეზღუდვის დაკანონებას ცდილობს.
საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობა, საკუთარი მოქალაქეებისგან ქვეყნის იზოლირება და ხალხის ნების შიში – ეს არის დღეს „ოცნების“ რეალობა.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ართმევს მოქალაქეების იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს წილს ქმნის.
ემიგრანტების გზავნილების მოცულობა 2024 წელს თითქმის 10 მილიარდი ლარი იყო. ეს თანხა, მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტის 40% ის და ქვეყნის მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის თითქმის 30%–ის ტოლია.
დღეს „ოცნებამ“ აღიარა, რომ ემიგრანტები მისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან „ოცნების“ პროპაგანდა მათზე ვერ ვრცელდება და არანაირი ბერკეტი ამ ადამიანებზე ზემოქმედების არ არსებობს – არც დაშინება, არც მოსყიდვა და არც პროპაგანდა, შესაბამისად ერთადერთი გზა რჩებათ, ამ ადამიანებს შეუქმნან ბარიერები არჩევნებში მონაწილეობისთვის.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მწვავე წინააღმდეგობას გაუწევს „ოცნების“ ამ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივას, ყველა პოლიტიკურ ბერკეტს და ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს და ჩვენს ემიგრანტებს არ შეეზღუდოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – განაცხადა შარაშიძემ.
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ
„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
