„მინდა გამოსვლა კომპლიმენტით დავიწყო. ირაკლი კობახიძეს ძალიან კარგად გამოსდის კონკრეტული სამშენებლო კომპანიის გაყიდვების, გნებავთ მარკეტინგის მენეჯერობა, – ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების დასმულ კითხვებს ინტერპელაციის ფორმატში პასუხობს.
როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძე დიდი ენთუზიაზმით საუბრობს იმ დაგეგმილ მოგებაზე, რაც შეიძლება კომპანია „იგლ ჰილსმა“ მიიღოს საქართველოში.
„მინდა გამოსვლა კომპლიმენტით დავიწყო ბატონ მომხსენებელთან. ძალიან კარგად გამოსდის კონკრეტული სამშენებლო კომპანიის გაყიდვების, გნებავთ მარკეტინგის მენეჯერობა. მინდა მოვუწოდო ამ სფეროში ჩართულ ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით საქართველოში, დაკვირვებით მოუსმინონ და უყურონ ბატონი კობახიძის გამოსვლას, თუ როგორი ენთუზიაზმით საუბრობს იმ დაგეგმილ მოგებაზე, რაც შეიძლება ამ კომპანიამ, „იგლ ჰილსმა“ მიიღოს საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგად“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გიორგი შარაშიძის განცხადებას, საკუთარ გამოსვლაში უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და როგორც აღნიშნა, „კოორდინირებულია მესიჯი, თითქოს საქართველოს მთავრობა ამ პროექტის მარკეტინგითაა დაკავებული“.
„რაც შეეხება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარებას, მე არ ვიცი, სად გადის ზღვარი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მარკეტინგს შორის. ესეც კოორდინირებული მესიჯია, თითქოს ჩვენ ვართ დაკავებული ამ პროექტის მარკეტინგით. ჩვენ საზოგადოებას ვუზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამ პროექტთან დაკავშირებით. როდესაც სათქმელი არაფერია, რა თქმა უნდა, ზოგადი მესიჯებით უნდა შემოიფარგლონ. არაერთხელ მოვისმინე სატელევიზიო გამოსვლები, სოცმედიაში გაშვებული ვიდეორგოლები და ა.შ. რასაც ჩვენი ოპონენტები ატრიალებენ ამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის მოვისმინე კომენტარი იმ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელიც პირადად მე გავავრცელე. საერთოდ არ შედიან შინაარსში. თუ შედიან – იტყუებიან. არცერთი ადამიანისგან არ მომისმენია ამ ჩვენი ინფორმაციის დეტალური კომპეტენტური გარჩევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
