LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „არც მიცდია მოხუცი პაპის ხარჯზე რეკლამის კეთება, მაგრამ ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა…“

224
გიორგი სუხიტაშვილი

გადაცემაში „არტ ფმ“ გიორგი სუხიტაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რატომ დაინტერესდა სოფლის ცხოვრებით, ასევე გაიხსენა, როგორ დაიწყო პაპასთან ერთად ვიდეოების გადაღება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

გიორგი სუხიტაშვილი:

2018 წელს, სოფელში პაპასთან ერთად გადავიღე რამდენიმე ვიდეო, რომელთაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, არც მიცდია მოხუცი პაპის ხარჯზე რეკლამის კეთება, მაგრამ ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა. ყველას ძალიან გვინდა ევროპელობა, ამიტომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ბევრი მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული მოხუცია. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემი საყვარელი პაპისთვის ბოლო წლების გალამაზება.

მართალია, პაპა 2022 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მე მანამდე დავინტერესდი სოფლის ცხოვრებით, დავიწყე რაღაცების დარგვა, რათა კავშირი შემენარჩუნებინა მშობლიურ მიწასთან. ახლაც ძალიან ხშირად ჩავდივარ სოფელში და ზოგჯერ რამდენიმე დღით, ზოგჯერ დიდი ხნით ვრჩები, რადგან ძალიან მსიამოვნებს ბავშვობის გახსენება და წინაპრების მიწის პატრონობა. ჩვენმა რეგიონმა ორი ომი გამოიარა, ამიტომ განსაკუთრებით სჭირდება მოვლა და პატრონობა. სხვათა შორის, ქართლელების ჩაკეტილობა არა გენეტიკური ხასიათი, არამედ იმ სიდუხჭირის, ყაჩაღობების და ომების შედეგია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ვფიქრობ, საჯარო ფიგურებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი და პოპულარიზაცია გავუწიოთ მშობლიურ რეგიონებს. თქმა უნდა, ძალიან კარგია აგარაკი თბილისთან ახლოს, თუმცა ბევრად ფასეულია მამა-პაპის მიწა, რომლის შენარჩუნება ყველას ვალია.

წლების წინ სოფელში პატარა ხის სახლი ავაშენე, რადგან ძალიან მინდოდა მცირე საფესტივალო სივრცის მოწყობა, სადაც მუსიკაც იქნებოდა, შეხვედრებიც და რეპეტიციებიც. პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე დაიწყო სახლის აშენებით, რადგან ყოველდღე ახალი იდეა, ინიციატივა და მუსიკა იბადება. იმედი მაქვს ერთ დღეს უცილობლად განვახორციელებ ჩანაფიქრს, თუმცა არ ვჩქარობ. არ მაქვს მკაცრად განსაზღვრული დრო და ვადები, რადგან არ მინდა გავხდე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის ტყვე. მირჩევნია ყველაფერი ნელა ვაკეთო და კეთების პროცესითაც  მივიღო სიამოვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g