LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ჩვენ ერთი პატარა, ლამაზი სამშობლო გვაქვს, რომელსაც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ!.. წკიპზე ვართ, რადგან ხიდზე ერთმანეთს ორი ჯიუტი თხა რომ შეხვდება და არც ერთი არ თმობს, სავარაუდოდ, ორივე უფსკრულში გადაიჩეხება!..“

142
giorgisuxitashvili2015255-2020-11-26_11-43-21_303897-1024x577

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ჟურნალ „გზასთან“ აფასებს იმ ვითარებას, რაც პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ შეიქმნა საქართველოში.

გიორგი სუხიტაშვილი:

– ასეთ ჩიხში ჩვენ ჯერ არ ვყოფილვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის მერე, ჩვენს ევროპულ მომავალს ასეთი საშიშროება ჯერ არ დამუქრებია. ევროპა მარტო მატერიალურ სიკეთეს კი არ ნიშნავს – ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები დაცული იქნება, პროკურატურა – დამოუკიდებელი, სასამართლო – მიუკერძოებელი. ვიდრე ამ ქვეყანაში სამართალი არ იქნება, ვერაფერს შევცვლით და სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. რა უნდა ვიღონოთ, რომ ასე არ მოხდეს? – ვინც უნდა იყოს, ჩვენი ოჯახის წევრიც რომ იყოს, 8 წელიწადს და მეტხანს ქვეყანას არ უნდა მართავდეს. რატომ? – თანდათან ეჩვევიან ძალაუფლებას, კორუფციაში ეფლობიან და ხდება ის, რასაც ახლა ვხედავთ ან წინა ხელისუფლების დროს ვხედავდით. ერთპიროვნულ მმართველობას დამღუპველი შედეგი მოაქვს და ეს მანკიერი პრაქტიკა ჩვენს სამშობლოში უნდა დასრულდეს.

– თუმცა, ოქტომბრამდე ოპოზიციაც გვარწმუნებდა, რომ ელექტრონულ არჩევნებს ვერ გააყალბებდნენ…

– ამიტომ, ამ არჩევნებზე პასუხისმგებლობა მარტო მმართველ პარტიას კი არა, ოპოზიციასაც ეკისრება, რადგან მას ხალხი ენდო. რატომღაც, ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ელექტრონულ არჩევნებს ჩაატარებდნენ, სკამებს დათმობდნენ და ხალხი გაიმარჯვებდა. ამ ყველაფერს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვკიდებოდით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს… იქნებ, მმართველ გუნდშიც გამოჩნდნენ გამბედავი ადამიანები, რომლებიც ხალხს არ დაუპირისპირდებიან და ახალ არჩევნებს დანიშნავენ. წკიპზე ვართ, რადგან ხიდზე ერთმანეთს ორი ჯიუტი თხა რომ შეხვდება და არც ერთი არ თმობს, სავარაუდოდ, ორივე უფსკრულში გადაიჩეხება! შიდა დაპირისპირების დროს გამარჯვებული მხარე არ არსებობს, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ასეთ სიტუაციაში, მაინც მმართველ ძალას ეკისრება.

რას უსურვებთ ჩვენს ხალხს მომავალი 2025 წლისთვის?

– მშვიდ და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას – ამაზე უკეთესი რა უნდა ვუსურვო? ქართველ ხალხს ვთხოვ, გამოფხიზლდეს, სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ჩვენს საქმეს სხვა ვერ გააკეთებს და ჩვენს სათქმელს სხვა არ იტყვის. ჩვენ ერთი პატარა, ლამაზი სამშობლო გვაქვს, რომელსაც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g