გიორგი სუხიტაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეალური პრობლემის წინაშე დგას. ის, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვეღარ უმკლავდება ბინის სესხის გადახდას. როგორც fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, ამჟამად მისი შემოსავალი ბანკის ხარჯზე ნაკლებია. ბინა რომ არ დაკარგოს, უკვე მეორე თვეა, ავტომობილი გასაყიდად განათავსა, თუმცა მანქანა ჯერჯერობით ვერ გაყიდა.
გიორგი, შენი სტატუსით დავიწყოთ საუბარი – ბინის კრედიტის გადახდაზე, ისევე, როგორც სხვა ბევრ ადამიანს, პრობლემა შეგექმნა…
არ ვარ წუწუნა ადამიანი. მაქსიმალურად ვცდილობ, ქვეტექსტების გარეშე ვაკეთო ყველაფერი. არ მინდა ზედმეტი რაღაცების თქმა. თან, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერს პოლიტიკურ ფილტრში ატარებენ. გულწრფელად ვამბობ, ჩემ გარშემო ფართო სანაცნობოში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია, არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ბიზნესის წარმომადგენლებიც, ყველას პრობლემა გაუჩნდა. შემცირდა მუშაობა, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ყველას გაუჭირდა. დღეს შეიქმნა ასეთი რეალობა, არავის საწინააღმდეგოდ არ ვამბობ, უბრალოდ, აღვნიშნავ იმას, რომ თუ არ ვარ დაკავშირებული კოვიდინფექციასთან ბრძოლასთან, მიჭირს თავის გატანა.
ჩემი ბოლო კონცერტი წინა წლის 30 ნოემბერს გაიმართა. თითქმის ერთწლიანი წყვეტა მაქვს პროფესიული, თუკი არ ჩავთვლით წინა ახალ წელს პატარ-პატარა კონცერტებს. მაქვს სასამართლო დავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და არავინ იცის, როგორ დასრულდება. ახლა ჩემი შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც დღეს ბანკში ვიხდი. ჩემი ხელფასი ბიგ-ბენდიდან ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბანკის გასავალი. გარდა ამისა, ცხოვრებაში ხომ გვაქვს ადამიანებს, ბანკის გარდა, სხვა ხარჯებიც?
შენ, როგორც ვიცი, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა არ გიწევს და სოფელში პაპას ხშირად სტუმრობ…
არც ამაზე მიყვარს აქცენტის გაკეთება. სამწუხაროდ, სულ თავის მართლების პოზიციაში ვარ, არადა, არ მაქვს თავი სამართლებელი, თუმცა რადგან ამ პროფესიაში ვარ, მიწევს ხალხისთვის ასე ვთქვათ ანგარიშის ჩაბარება. ბაბუაა, თუ სხვა ოჯახის წევრი, არაა სალაპარაკო, რომ მასთან დაკავშირებული ხარჯიც არსებობს. ჩემი სფეროს წარმომადგენლისთვის თავის გატანა ძალიან რთულია. მე ძირითადი შემოსავალი მუსიკით მქონდა, სხვა დანარჩენი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ ბიგბენდის ხელფასები იყო დანამატი. ახლა ჩემი პროფესიიდან შემოსავალი არ მაქვს და დამოკიდებული გავხდი არაფერზე. არავინ აღიქვას ეს ინტერვიუ წუწუნად. არა. უბრალოდ, ეს არის მოცემულობა, რაშიც სამწუხაროდ, ცხოვრება გვიწევს.
კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ რეალურად ჩვენი მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ იდგმება და გამართლება არის ის, რომ ქვეყანას უჭირს. შეიძლება ითქვას, რომ ბედის ანაბარა ვართ დატოვებული. ჩვენი სფერო 2021-შიც არ გაიხსნება. არც მაქვს იმის მოლოდინი, რომ გაზაფხულზე გავმართავთ ღონისძიებებს, რადგან ვინც ამ ღონისძიებებს მართავდა, ამისი საშუალება აღარ აქვს.
ბანკი ფორსმაჟორად არ მიიჩნევს პანდემიას. ეს ხომ მსოფლიო პრობლემაა. ჩვენ ხომ არ მოგვიგონია ეს პრობლემა? მაინცდამაინც ვიღაცამ ბომბი უნდა ჩამოაგდოს, რომ ფორსმაჟორად აღიქვან?!.
გქონდა ბანკთან ალბათ ამ თემაზე კომუნიკაცია…
ის, რაც გააკეთეს, დანაშაულია, სესხების გადავადებას ვგულისხმობ. ის ექვსი თვე გადავავადე, რადგან მეგონა, რომ სექტემბერში ყველაფერი გაიხსნებოდა. დანაზოგი მქონდა და ამით მოვიტანე თავი. ახლა იმ პროცენტს ვიხდი და რანაირი შეღავათი გამოვიდა? სესხის გაჩერება ნიშნავს იმას, რომ ის უნდა შეჩერდეს, ვიდრე ადამიანებს მუშაობის საშუალება არ მიეცემათ.
ახალ წელსაც მომღერლების დიდ ნაწილს შეიძლება, არ ჰქონდეს კლუბებში დასაქმების საშუალება…
დიდი ალბათობით, ამის შესაძლებლობა ყველასთვის არ იქნება. მე ისედაც იშვიათად მეძახიან კლუბებში, რადგან მე უფრო დიდ ღონისძიებებზე ვარ დამოკიდებული, რომლებიც არ ტარდება და არც ჩატარდება 2021 წლის ბოლომდე. რა შეიძლება, რომ გავაკეთო?
განიხილავ, რომ ბინის გარეშე შეიძლება დარჩე?
გულწრფელად ვიტყვი, რომ ასე საკითხს არ განვიხილავ. მყავს ავტომობილი, რომელიც მეორე თვეა, დევს გაასაყიდად. ვიფიქრე და მოვიფიქრე ეს გამოსავალი, რომ სესხი გადამეფარა, მაგრამ არ იყიდება მანქანა. ეს გადაწყვეტილება მშვიდად და პრაქტიკულად მივიღე. სავალალო მდგომარეობაში მე ჯერ არ ვარ, მყავს ავტომობილი, იქნებ, გაიყიდოს და შევძლო სესხის გადაფარვა. ვისაც არ აქვს, რა ქნას? აქ სხვა ადამიანებზე ვსაუბრობ, პირველ რიგში და არა ჩემზე. ყველას ჰგონია, რომ მას არ ეხება რაღაცები, რეალურად კი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები. ჩემ გარშემო არავინ თუ არ არის გადამხდელუნარიანი, არც მე ვიქნები. უნდა მივხვდეთ, რომ ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის პრობლემა. მე შეიძლება, მანქანა ძალიან დაბალ ფასად გავყიდო და ბინა მაინც შევინარჩუნო, მაგრამ შემდგომში სხვა პრობლემები დამეწყება. ამასობაში კი არსაიდან არ ისმის ხმა. ჩვენი სფერო ძალიან ჩუმადაა. გულწრფელად გაგებით ვეკიდებით ამ ყველაფერს. სხვა გამოსავალი არ ჩანს, მაგრამ სულ ასე “დაკიდებულ” მდგომარეობაში რომ ვიყოთ, არ ვიცი, რამდენად სწორია ეს.
ხელისუფლების პირდაპირი მოთხოვნა უნდა იყოს ბანკების მიმართ, რომ შეაჩერონ სესხები და დაემორჩილონ კანონს, რომელიც ფორსმაჟორს ითვალისწინებს. ხალხი აღარ არის გადამხდელუნარიანი და ეკონომიკის მეტი ჩამოქცევა არ ვიცი. მხოლოდ ბანკის დაზარალება არ არის ეკონომიკის ჩამოქცევა. სრულად ვერ აღვწერთ ერთ ინტერვიუში, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ…
ინტერვიუ: ნინო მურღულია