„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეალისტური და ობიექტური იქნება, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა მიეცემა.
საამისოდ ვაშაძე ხელისუფლებასა და საზოგადოებას სთავაზობს უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება.
„სასამართლო რეფორმის სტრატეგიაში, რომელიც ოპოზიციას აქვს, უცხოელი მოსამართლეების საკითხიც გვაქვს მოხსენიებული. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისთვის, რომ სანამ არ ექნება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული ეს მექანიზმი, არა მარტო პრეზიდენტების, სხვა, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და აქტუალურ საქმეებთან და ბიზნესდავებთან მიმართებაში.
საქართველოში, სამწუხაროდ, მართლმსაჯულება „კლანურია“, მას ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან და ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ მოიტანს სტაბილურობას ქვეყანაში. ვფიქრობ, ასეთი დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ არ ვიყოთ მოჯადოებულ წრეში ჩაკეტილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.