„ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე – ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
აღნიშნულით ვაშაძე , გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, საქართველოს სრული იზოლაცია მოახდინონ და ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დატოვონ:
„ირაკლი კობახიძის უტიფრობა და თავდასხმა გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე, რომელიც ერთ-ერთია იმ პარტნიორებიდან ვინც აქტიურად ლობირებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, იგივეა, რაც თავდასხმა გერმანიის სახელმწიფოზე და ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ცდილობს „ქართული ოცნება“ დაგვაშოროს ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს. მათი მიზანია მოახდინონ საქართველოს სრული იზოლაცია და ქვეყანა დატოვონ რუსეთის პირისპირ მარტო.
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი არის საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი და ის თავისი საქმიანობითა და მხარდაჭერით ყოველთვის ამტკიცებს, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროინტეგრაციის გზაზე. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გერმანიის ელჩს ბატონ პიტერ ფიშერს!
„სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან“ – გერმანიის ელჩი საქართველოში
გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაში იქნება, ევროკავშირი არ გახსნის მოლაპარაკებებს საქართველოსთან.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაკარგოს საქართველომ საერთაშორისო პარტნიორები და ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.