„ქართული ოცნების“ დემოკრატიული სტრატეგია „გატაცება, დაჭრა, ძალადობა და მოსყიდვაა“, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის ვინც „ოცნების“ „დემოკრატიის“ სტანდარტს არ ეთანხმება, 2 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მივიდეს და უარი უთხრას მას.
„საქართველოს სჭირდება სიახლე, განვითარება, ნამდვილი დემოკრატია, სადაც ვიქნებით თავისუფალი ჩვენს არჩევანში, ამას უნდა მივაღწიოთ არჩევნების გზით.
მიუხედავად ძალადობისა, რომელიც წინასაარჩევნოდ ხდება, ყველანი უნდა მივიდეთ და ავირჩიოთ ქვეყნის განვითარების გზა“, – განაცხადა ვაშაძემ.
გარდა მმართველი ძალის პოლიტიკის შეფასებისა, ვაშაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე უნდა მივიდეთ და „უპასუხისმგებლო, დამნაშავე ადამიანები დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გავათავისუფლოთ“.
„ისინი ყოველთვის ასეთ ცინიკურ პასუხებს გასცემენ საზოგადოებას. ჩვენ ხომ ვიცით რეალურად რაც ხდება და თუ გვინდა, რომ ეს შეიცვალოს, არჩევნებზე უნდა მივიდეთ და უარი ვუთხრათ ამ უკანონობას რაც ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა ვაშაძემ.