“მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ იმას, რომ კოვიდპანდემიის ის ბოროტი აჩრდილი, რომელმაც ამდენი მწუხარება და ტკივილი მოუტანა მთელს მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას, სამუდამოდ ჩაგვებარებინოს განვლილი წლისთვის.” – პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელი გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ქვეყანას და მოსახლეობას.
მისი განცხადებით, მიმდინარე წელმა მომავალი წლისთვის მრავალი პრობლემა დატოვა, მათ შორის პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი და გაღარიბებული მოსახლეობა.
“ჯანმრთელობასთან ერთად გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობას და კეთილდღობას. ძალიან რთული იყო განვლილი 2020 წელი. ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა მომავალი წლისთვის – დაგვიტოვა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი, ძალიან დიდი პრობლემები, გაღარიბებული და გაჭირვებული მოსახლეობა.
ამ ყველაფერს არ სჭირდება ხელების ჩამოყრა და უიმედობა, ამ ყველაფერს სჭირდება შრომა, ბრძოლა, იმედი და წინსვლა. მე მინდა სწორედ ეს გისუროთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს შრომის, წინსვლის, განვითარებისა და კეთილდღეობის მოტანის წელი. ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ მოსახლეობას.
გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და თითოეულ ოჯახს საქართველოში ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას და განვითარებას.” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.