პარფიუმერული კომპანია ”ისი-პარი” გაფართოებასა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. კომპანიამ ამჯერად ახალი ფილიალი გლდანში, ხიზანიშვილის #14-ში გახსნა. როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ განუცხადა, მაღაზია 2 სართულზე განთავსდა და აქ 7 ადამიანია დასაქმებული.
”გლდანში აქამდეც იყო წარმოდგენილი ჩვენი პარფიუმერული კომპანია საკმაოდ მოკრძალებული ფილიალით, თუმცა მომხმარებლის მხრიდან იმდენად დიდი იყო მოთხოვნა ”ისი-პარის” პროდუქციაზე, რომ გაფართოება გადავწყვიტეთ. შესაბამისად, გავხსენით ახალი მაღაზია, რომელშიც პროდუქციის თითქმის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი”, – აღნიშნა ხატია შამუგიამ.
მისივე ინფორმაციით, გლდანის მაღაზია გაყიდვების კუთხით, ”ისი-პარის” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილიალია და ის კომპანიის ტოპ 6 მაღაზიში შედის, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება პროდუქცია.
რაც შეეხება, მომხმარებლისთვის საზაფხულო შეთავაზებებს, როგორც ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, კომპანიის აბსოლუტურად ყველა ფილიალში მიმდინარეობს ფასდაკლების აქცია.
”მთელი ზაფხულის განმავლობაში გვაქვს 20-დან 40%-ამდე ფასდაკლებები. ამასთან, ჩვენთან მოსული კლიენტი გარკვეულ შენაძენზე საჩუქარსაც იღებს. ასე რომ, ”ისი-პარი” საკუთარ ერთგულ მომხმარებელს უსაჩუქროდ არ ტოვებს”, – განმარტა შამუგიამ და აღნიშნა, რომ სექტემბრისთვის ქართველ მომხმარებელს ”ისი-პარისგან” უამრავი სიახლე ელის.
შეგახსენებთ, ”ისი-პარის” პირველი მაღაზია თბილისში 1995 წლის 29 მარტს, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა. ამ ეტაპზე ბრენდი საქართველოში 23 მაღაზიითაა წარმოდგენილი – აქედან 18 მაღაზია თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 5 კი – ფოთში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.