1950-იანების ამერიკა იყო ეპოქა, სადაც ყველაფერი — ტელევიზორიდან მოყოლებული მანქანამდე — ფანტაზიით იყო გაჟღენთილი. ეს იყო დრო, როცა ხალხი დარწმუნებული იყო: მალე ყველანი ფრენას დავიწყებდით… მანქანებით. სწორედ ამ მოლოდინმა შთააგონა General Motors, რომ შეექმნათ არა უბრალოდ ავტომობილი, არამედ ავტო–რეაქტიული თვითმფრინავისა და მანქანის ჰიბრიდი.
GM Firebird – ეს არ იყო ერთი მანქანა, არამედ სერია, რომელიც ოთხ კონცეპტუალურ მოდელს მოიცავდა, Firebird I-დან Firebird IV-მდე. მათი მიზანი არ იყო მასობრივი წარმოება. მიზანი იყო — ტექნოლოგიური სითამამის ჩვენება და მომავლის დიზაინის დემონსტრირება.

მოდი, დავიწყოთ Firebird I-ით — 1953 წელს შექმნილი ავტომობილი, რომელიც ერთი შეხედვით უფრო თვითმფრინავს ჰგავს: წვეტიანი ცხვირი, ცენტრალური კაბინა და უკანა დიდი სტაბილიზატორები. მის ძირში ჩადგმული იყო გაზის ტურბინა, იგივე რეაქტიული ძრავის პრინციპზე მომუშავე სისტემა, რომელიც 370 ცხენის ძალას აწვდიდა. დიახ, იგივე პრინციპით, როგორც რეალური თვითმფრინავები.
მაგრამ Firebird I არ იყო მართვისთვის მოსახერხებელი – ძრავი უკიდურესად ხმაურიანი იყო, საშინლად ცხელდებოდა და საწვავს ისე წვავდა, თითქოს საწვავი უფასო იყო. მიუხედავად ამისა, მისი გამოჩენა ავტოსამყაროში ასწლეულის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქცა.
შემდეგი იყო Firebird II, 1956 წელს. ამჯერად ინჟინრებმა მიზნად დაისახეს ოჯახისთვის განკუთვნილი, ავტონომიური მანქანის შექმნა – წარმოგიდგენიათ? ავტონომიური 1956-ში?! მანქანა, რომელსაც მოჰყვებოდა გზაში ჩაშენებულ მაგნიტურ ხაზზე მოძრაობის სისტემა, რაც საშუალებას აძლევდა მანქანას დაეცვა ზოლები და იმოძრავებინა თითქმის დამოუკიდებლად. კაბინა მეტალის იყო, შუშის გუმბათით, და ჰგავდა პატარა ფუტურისტულ კაფსულას.

Firebird III და IV კიდევ უფრო გაბედულ ნაბიჯებს წარმოადგენდა – მესამე ვერსიაში 7 სხვადასხვა საჭე და ღილაკიანი მართვის სისტემა იყო, რითაც იმართებოდა სიჩქარე, ბრუნვა, და დამუხრუჭება. გრძნობოდა, რომ GM ცდილობდა არა უბრალოდ მანქანის შექმნას, არამედ ახალი ტიპის მგზავრობის – მფრინავი მანქანის პროტოტიპს.
მაგრამ Firebird-ების ოჯახი არც ერთ მომენტში არ იქცა რეალურ ავტომობილებად. მათი ტურბინები არ იყო პრაქტიკული, ხარჯი — დაუჯერებლად მაღალი, და გზებზე გამოსაყენებლად სრულიად უვარგისი.
მაგრამ! რაც Firebird-მა მოახერხა, იყო ძალა წარმოსახვისთვის. მანქანა, რომელიც ტექნიკურად უტილიტარული არ იყო, მაგრამ წარმოსახვისთვის… განუსაზღვრელი.
დღეს, GM Firebird-ს იცნობენ როგორც ერთ–ერთ ყველაზე გაბედულ კონცეპტუალურ პროექტსავტომობილების ისტორიაში. და თუ ოდესმე იფიქრეთ, რომ 1950-იანებში ფუტურიზმი მხოლოდ კინოს ეკუთვნოდა — გადახედეთ Firebird-ს. ამ მანქანებმა აჩვენეს, რომ ხანდახან მანქანები მართლა შეიძლება იყვნენ ფრთიანი ოცნებები.