LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჭი განვადებით: ფერმერებს მეღორეობის განვითარებაში ეხმარებიან

1589

გოჭი განვადებით – კახეთში ფერმერებს მეღორეობის განვითარებაში ეხმარებიან. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული ფერმერთა მომსახურების ცენტრი, ადგილობრივებს მეცხოველეობის განვითარების მიზნით, ხელშეწყობას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” ფერმერთა მომსახურების ცენტრის დამფუძნებელმა და მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ პროექტს კომპანია “აგროქიზიყი” ახორციელებს. ამ ეტაპზე ხელშეწყობით მხოლოდ მეღორეობით დაინტერესებული პირები სარგებლობენ, 2017 წლის გაზაფხულიდან კი არსებული პროგრამით მეძროხეობით დაკავებული ფერმერებიც ისარგებლებენ.

”დახმარების პროგრამა ამ ეტაპზე სატეტსტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა გაამართლა ჩვენი მოლოდინები და შესაბამისად, გაზაფხულიდან მას ახალი კომპონენტებიც დაემატება. პროგრამის არსი მდგომარეობს შემდეგში: ჩვენი მომსახურების ცენტრი აწარმოებს ცხოველების საკვებს, რომელსაც 4 თვიანი განვადებით აძლევს მეღორეობით დაინტერესებულ ფერმერებს. 4 თვის შემდეგ კი უკვე გაზრდილ გოჭებს ყიდულობს მათგან, წინასწარვე დადგენილი ფასით”, – აღნიშნა გონაშვილმა.

მისივე განმარტებით, ფერმერები ამ პროგრამით ორმაგ სარგებელს ნახულობენ: პირველი – არ აქვთ საფიქრალი გოჭების საკვებზე, რადგან მას განვადებით ვაძლევთ; და მეორე – არ უჭირთ პროდუქციის რეალიზაცია და იციან, რომ მათი გაზრდილი გოჭები აუცილებლად გაიყიდება. ამასთან, ისინი სარგებლობენ ვეტერინართა უფასო მომსახურებითაც.

”საწყის ეტაპზე პროგრამა მხოლოდ დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებზე ვრცელდება. სამომავლოდ კი გვინდა, რომ მთლიანად აღმოსავლეთ საქართველო მოვიცვათ”, – განუცხადა ”ფორტუნას” ბექა გონაშვილმა. მისივე თქმით, ფერმერებისგან შეძენილი გოჭები ,უკვე ხორცის სახით, თბილისში წარმოდგენილ მაღაზიათა ქსელ ”ბექას ნობათში” იყიდება.

ცნობისთვის ”ბექას ნობათში” წარმოდგენილია დესოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წარმოებული ნატურალური პროდუქცია: ხორცი და ხორც პროდუქტები – ძროხა, ხბო, ღორი, ქათამი და ბატკანი, ასევე რძე, რძის პროდუქტები და კვერცხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g