“როგორც ყოველთვის და როგორც ყოველთვის არასწორად, ლარის სწრაფ გამყარებას ან გაუფასურებას რაღაც მოვლენას მიაწერენ ხოლმე. ასეა ახლაც-ლარის ბოლო პერიოდის გამყარება სესხების დოლარიდან ლარში გადატანის მოსალოდნელ კამპანიას მიაწერეს. არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის ჯერჯერობით არ არის”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
გოცირიძის მოსაზრებით, სამომავლოდ ეს შეიძლება ლარის გამყარების მიზეზი გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები, დროებით, ეროვნული ბანკის გალარების პროცესში ჩართულობამ გადაწონა.
“კერძოდ, ეროვნული ბანკი იწყებს ირიბ ინტერვენციებს და ნაცვლად საბაზრო ფასით უცხოური ვალუტის სავალუტო ბირჟაზე გაყიდვისა, პირდაპირ აძლევს დოლარებს კომერციულ ბანკებს. ამით მცირდება ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები”, – აცხადებს გოცირიძე.
მისი განმარტებით, ეს კამპანია სწორედ, ბანკებისადმი ერთჯერადი მხარდაჭერაა, რადგან:
- ბანკებს ბიუჯეტიდან აძლევენ 65 მილიონ ლარს და ისინი არაფერს კარგავენ, პირიქით გადახდისუნარიანობა დაკარგული კლიენტების ფულის ნაწილს მთავრობა უფარავს მათ;
- ბანკებს ეროვნულმა ბანკმა ასესეხა 400 მილიონი ლარი;
- ბანკები ამ ნასესხები ფულით იყიდიან იაფი კურსით უცხოურ ვალუტას, ანუ სავალუტო ბირჟაზე იქნება ნაკლები მოთხოვნა დოლარებზე, რადგან ეროვნულმა ბანკმა მათთვის ”სპეცჯიხური” გახსნა საკუთარ შენობაში.
ექსპერტის თქმით, ამ კამპანიის მონეტარული შედეგი იქნება ისეთი, როგორიც მოჰყვებოდა ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ოდენობით.
ანუ ეს იგივეა ეროვნულ ბანკს ინტერვენცია განეხორციელებინა. გოცირიძის ვარაუდით, ამ მასშტაბის ინტერვენცია ლარის გაუფასურების მეორე ტალღას აღარ გამოიწვევდა.
მისი თქმით, რეზერვები ადრე ხელშეურებელ მარაგად მოიხსენიეს, ახლა კი გალარების მსხვერპლად აქციეს.
“მოკლედ, როგორც იტყვიან, ბანკებისთვის უსვრია ბღუჯა ფული ავრორას.ამ მასშტაბის ინტერვენციის განხორციელების შემთხვევაში ლარის გაუფასურების მეორე ტალღა არც იქნებოდა.
მაშინ ინტერვენციებზე უარის თქმას თეორიულად ასაბუთებდნენ, ახლა რეზერვების ხარჯვას ლარიზაციით გაამართლებენ, ისევე, როგორც ბიუჯეტიდან უსარგებლოდ და უსამართლოდ გასროლილ 65 მილიონ ლარს.
საბოლოო ჯამში, ლარის შესაძლო გამყარებას კი ამ ძვირადღირებულ აქციას მიაწერენ.
არა და ეს ძალიან მარტივად შეიძლებოდა. თუმცა, მაშინ რეზერვები ხელშეუხებელი მარაგი იყო, ახლა კი გალარების მსხვერპლი”, – აცხადებს გოცირიძე.
გალარების კამპანია გუშინ დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას. პროგრამა ერთჯერადია და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ამასთან, ბოლო კვირების განმავლობაში დოლართან მიმართებით ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება. დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6543 ლარია დოლართან, ხოლო ევროსთან 2.8335 ლარი.