“გოდერძის” სამთო-სათხილამურო კურორტზე ახალი ტურისტული პაკეტები ამოქმედდა. პაკეტები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ შეიმუშავა, რომელთა შეძენა მსურველებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. პაკეტების ღირებულება განსხვავებულია განთავსების ობიექტების მიხედვით.
კოტეჯებში, ორადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში, 3-დღიანი სრული პაკეტის ფასი პერსონაზე 465 ლარია; ოთხადგილიან ნომერში კი 435 ლარი. ფასი შეიცავს – კოტეჯებში სამი დღის გატარებას, თხილამურებითა და საბაგირო გზით სარგებლობას, სამჯერად კვებას, ტრანსპორტირებას ბათუმიდან კურორტამდე და უკან. ფასში გათვალისწინებულია დღგ.
რაც შეეხება არასრულ პაკეტს, ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ორადგილიან ნომერში სამი დღით განთავსებისთვის 270 ლარს, 4-ადგილიან ნომერში კი 240 ლარს გადაიხდის. ფასი მოცავს კოტეჯებში განთავსებას და სამჯერად კვებას სამი დღის განმავლობაში.
პაკეტების ფასები საოჯახო სასტუმრო სახლებში განთავსების შემთხვევაში შემდეგია: სოფელ დანისპარაულში მდებარე სასტუმრო სახლში 2-ადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში, ერთი პერსონა ერთ დღეზე 110 ლარს გადაიხდის. ფასში შედის: ღამის გატარება სასტუმრო სახლში, თხილამურები და საბაგირო მთელი დღით, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძის კურორტამდე და უკან, ასევე ტრანსპორტირება სოფელ დანისპარაულიდან სათხილამურო ბაზამდე და უკან.
მხოლოდ კვება და ღამის გატარება ამავე საოჯახო სასტუმროს ოთხადგილიან ნომერში 40 ლარი ღირს.
„ჩვენ სპეციალურად მოვამზადეთ ტურისტული პაკეტები, კურორტზე არსებული ყველა სერვისი ერთად შევკრიბეთ, მოველაპარაკეთ მენეჯმენტს თანამშრომლობის პირობებზე და შევიმუშავეთ ფასები, რომლის შეძენის შემთხვევაში მყიდველი მინიმუმ 20-30%-ს ზოგავს. თუ მსურველი 10-დღიან პაკეტს შეიძენს, 50%-იანი ფასდაკლება გამოსდის. რაც შეეხებათ ტურისტულ სააგენტოებს, მათ შეუძლიათ თავად მოელაპარაკონ კურორტის მენეჯმენტს ინდივიდუალურ ფასებზე, თუმცა, ასევე შეუძლიათ პირდაპირ ჩვენი შემუშავებული პაკეტებით ისარგებლონ,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი წლის პერიოდში კურორტზე არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის და უკვე ყველა ნომერი დაჯავშნილია.
„ამის გამო, გაჩნდა შესაძლებლობა, უკვე ჩაგვერთო და ახლოს მოგვეწია სოფლის სახლები. ასეთი სოფელი არის დანისპარაული და ყველა ის სახლი, სადაც სველი წერტილები მოწესრიგებულია და კარგი პირობებია, დაფიქსირებულია საინფორმაციო ცენტრების სასტუმრო სახლების ბაზაში. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში უკვე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია და შეიძინოს პაკეტი,“- აღნიშნა ზოიძემ.
გარდა ამისა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა გოდერძის კუროტამდე მისასვლელი ტრანსპორტი დანიშნა.
ბათუმიდან ხულომდე ყოველ საათში მოძრაობს მიკროავტობუსი. მგზავრობის ღირებულება ხუთი ლარია. ხულოდან გოდერძამდე კი ყოველდღე, დილის 11 საათიდან „დელიკას“ მარკის ავტომობილები მოძრაობენ, რითაც მგზავრობა 7 ლარი ღირს.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, ნებისმიერ მსურველს შსაძლებლობა აქვს უკვე 13:00 საათზე კურორტზე იმყოფებოდეს, საღამოს კი უკან დაბრუნდეს.
სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ბათუმიდან 109 კილომეტრის დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტს რვაკილომეტრიანი სათხილამურო ტრასა აქვს, დამსვენებლებს კი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.
ამ ეტაპზე კურორტზე ექვსი სასტუმროს ტიპის კოტეჯია განთავსებული, თითო კი 12 ადამიანზეა გათვლილი. გოდერძის კურორტი 5 დეკემბერს გაიხსნა და უკვე 100-ზე მეტ ქართველ და უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.