კურორტ „გოდერძიზე“ 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე კოტეჯებში და სასტუმროში 1424 ვიზიტორი იმყოფებოდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამთო კურორტის უცხოელი ექსპერტები „გოდერძის“ ამიერკავკასიაში უნიკალურ და დიდი პერსპექტივის მქონე კურორტად ასახელებენ.
„ზამთრის ექსტრიმი, ადრენალინი, თოვლი, სათხილამურო ტრასები, წიწვოვანი ტყეები, ალპური ზონა და საუცხოო ხედები – ეს ჩამონათვალი თუ თქვენს გემოვნებას ემთხვევა, მაშინ ზამთრის არდადეგების გასატარებლად კურორტი „გოდერძი“ იდეალური ადგილია. ეს საუცხოო ადგილი ბათუმიდან 110 კილომეტრში, ხულოს რაიონში, ზღვის დონიდან 1725 მეტრზე მდებარეობს. როგორც სამთო კურორტის უცხოელი ექსპერტები ამბობენ, „გოდერძი“ ამიერკავკასიაში უნიკალური და დიდი პერსპექტივის მქონე კურორტია, რომელიც გამოირჩევა, როგორც თოვლის სიუხვითა და ხარისხით, ასევე ყველაზე ხანგრძლივი სეზონით. აქ ზამთარი 5 თვეს გრძელდება, თოვლის საფარი კი 3 მეტრს აღწევს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კურორტს მოთხილამურეები აპრილის მიწურულსაც ესტუმრონ. გოდერძზე ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 2365 მეტრია. ეს სიმაღლე და გაუკვალავ თოვლში სრიალი კი განსაკუთრებულად მიმზიდველია ექსტრემალი მოთხილამურეებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გრძელი 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ორი – ბაბლისა და გონდოლას ტიპის საერთაშორისო სტანდარტის საბაგირო ემსახურება“, – აღნიშნავენ აჭარის მთავრობაში.
მათივე ინფორმაციით, „გოდერძიზე“ ამ ეტაპზე სულ 6 შალეს ტიპის 12 ადგილიანი კოტეჯი და 30 ადამიანზე გათვლილი ერთი სასტუმროა. კოტეჯები აღჭურვილია გათბობის უმაღლესი დონის სისტემითა და ყველა აუცილებელი ინვენტარით. სასტუმრო „მეტეო“ კურორტიდან 7 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. შიდა გადაადგილებისთვის კურორტის ადმინისტრაციამ წელს პირველად შესთავაზა ვიზიტორებს თოვლმავლით მომსახურება, სწორედ ამ სიახლის ხარჯზე წინა წლებთან შედარებით მიმდინარე სეზონზე თითქმის 100% გაიზარდა სასტუმროში განთავსების მსურველთა რაოდენობაც. აქამდე სასტუმროდან საბაგირომდე გადაადგილება სპეც-ტექნიკის გარეშე შეუძლებელი იყო, შესაბამისად ტურისტების უმრავლესობაც უპირატესობას კოტეჯში განთავსებას ანიჭებდა, თოვლმავალის გამოჩენამ კი სასტუმროსა და კოტეჯებზე მოთხოვნა გაათანაბრა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, წელს კურორტზე ბევრი სიახლეა. პირველად მოეწყო თხილამურების გაქირავებისა და სწრაფი კვების ობიექტები, ასევე აუქციონის წესით იჯარით გადაეცა ადმინისტრაციული შენობა ერთ-ერთ მცირე მეწარმეს და კურორტზე უკვე რესტორანიც ფუნქციონირებს. პირველად გაჩნდა სივრცე მოზარდებისთვის და დამწყები მოთხილამურეებისთვის. გაკეთდა 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა და დამონტაჟდა ბიგელი. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობა კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს შემდეგ უცხოელ ვიზიტორთა სამეულში გერმანია, რუსეთი და უკრაინა ლიდერობს. შემდეგ მოდიან ევროპის ისეთი ქვეყნები როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, ჩეხეთი და პოლონეთი. შედარებით მცირე რაოდენობით, თუმცა ხშირად სტუმრობენ გოდერძის ინდოეთის, ირანის, ქუვეითისა და აზიის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც. საერთო ჯამში 2 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.
როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, „გოდერძი“ ვიზიტორთა მსგავსად, არც ინვესტორთა ნაკლებობას განიცდის.
”გასულ წლის აგვისტოდან დღემდე კურორტზე 9 საინვესტიციო პროექტს ჩაეყარა საფუძველი და ხელი მოეწერა პროექტს, რომლის მიხედვითაც კურორტზე 3 წლის ვადაში 9 ახალი თანამედროვე ტიპის მრავალსართულიანი სასტუმრო აშენდება, რაც რამდენიმე ასეულ განთავსების ადგილს შექმნის და ადგილობრივების დასაქმებას უზრუნველყოფს. ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით კურორტზე გაკეთდა 1720 მეტრიანი შიდა გზა, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ „გოდერძი“ საქართველოს მასშტაბით ერთადერთი კურორტია, რომელსაც აქვს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ კონცეფციის მიხედვით უახლოესი 3 წლის ვადაში კურორტზე იქნება სპორტული სივრცეებით, კინოთეატრებით, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრებით აღჭურვილი ევროპული სტანდარტის სასტუმროები, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო გაზრდის როგორც ვიზიტორთა ასევე ინვესტორთა ინტერესს.
2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე გოდერძიზე კოტეჯებში და სასტუმროში ვიზიტორთა 1424 ვიზიტორი იმყოფებოდა. კერძოდ, საქართველოდან 926 ვიზიტორი, გერმანია-218 ვიზიტორი, რუსეთი-134 ვიზიტორი, უკრაინა-66 ვიზიტორი, ჩეხეთი-24 ვიზიტორი, თურქეთი-22 ვიზიტორი, პოლონეთი-20, ბელგია-4 ვიზიტორი, ირანი-4 ვიზიტორი, საფრანგეთი-2 ვიზიტორი, ქუვეითი-2 ვიზიტორი, ბელორუსი-2 ვიზიტორი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.