LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი დოლიძე – კაცი, რომელიც ქართულ მუსიკას გულით შეეხო – მუსიკალური ისტორიები

132
გოგი-დოლიძე

„მინდვრად დაგიჭერ პეპელას”, „შენ რომ არ მოხვიდე”, „გულს რად მიკლავ”, „მთელ ქვეყანაზე” ეს სიმღერები თითქოს ჰაერში დარჩა, როგორც სუფთა სევდა და სიყვარულის სიღრმე, რომელიც არასდროს ქრება. ეს ხმამაღალი ტკივილი და სინაზე, რომელიც ამ სიმღერებშია ჩაქსოვილი, გოგი დოლიძის დამსახურებაა, კაცის, რომელიც ქართულ მუსიკას თავისი სულით, გულითა და ხმით შეეხო.

გოგი დოლიძე დაიბადა 1954 წლის 5 ივნისს თბილისში. მან მუსიკის სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა და მუსიკალურ სამყაროში თავდაუზოგავი შრომით მოიპოვა თავისი ადგილი. ამბობენ, რომ პატარა გოგის განსაკუთრებით იზიდავდა რადიოდან გამოსული ხმები. ის იმეორებდა ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს და ხშირად მღეროდა ქუჩაში, ეზოში  მეზობლებს ის განსაკუთრებით უყვარდათ. იხსენებენ, რომ ბავშვობისას იყო ჩუმი, მორცხვი, თუმცა ემოციური. მეგობრებს ხშირად ეუბნებოდა: „სიმღერა ყველაზე მეტს ამბობს ადამიანზე“, ეს დამოკიდებულება მთელი ცხოვრება გაჰყვა. მისი მუსიკალური კარიერა აქტიურად განვითარდა 1980-იანი წლებიდან და ძალიან მალე იქცა ქართული ესტრადის ერთ-ერთ მთავარ ხმად.  მისი ხმა გულიდან მოდიოდა და როცა გოგი მღეროდა, იგრძნობდი ყველაფერს, რაც თავად მას სტკიოდა, უყვარდა ან ახარებდა.

გოგიმ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მისი გული მთლიანად მუსიკას ეკუთვნოდა. მოგვიანებით, ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა თვითშემოქმედებით წრეებში. აქვე გაიცნო მომავალი მუსიკოსები, რომელთაც მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მისი პირველი დიდი სცენური წარმატება უკავშირდება „ქართულ ხმებთან“ თანამშრომლობას, სადაც გოგის ხმა სწრაფადვე გამოირჩა სისავსით, სიმშვიდითა და სევდით… ტელევიზიაში გამოჩენა იმ დროს ქვეყნის მასშტაბით პოპულარობას ნიშნავდა, გოგი კი ამ სივრცეში მალევე „შეიჭრა“ და გულშემატკივრების დიდი არმია შეიძინა.

გოგი დოლიძის შემოქმედებაში არაერთი გასაოცარი დუეტია, მათ შორის აღსანიშნავია დუეტი მარიკა თაყაიშვილთან „შენ რომ არ მოხვიდე“, ეს სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ემოციურია  ქართული მუსიკის ისტორიაში. თამარისა და გოგის ხმები ისე ერწყმოდა ერთმანეთს, რომ მსმენელს მელოდია დაუვიწყარ განცდად რჩებოდა. გოგი დოლიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ეს არ იყო უბრალოდ „სიყვარულის სიმღერა“, არამედ „კაცის მოლოდინის, დანაკარგის და სინანულის ამბავი”. გოგისა და მარიკა თაყაიშვილის შესრულება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ზოგიერთი ფიქრობდა, თითქოს სიმღერაში გადმოცემული გრძნობები რეალურ ურთიერთობას ეფუძნებოდა, თუმცა ორივე არტისტი ამბობდა, რომ ეს იყო მხოლოდ მხატვრული ემოცია, მაგრამ იმდენად რეალურად გადმოცემული, ადამიანებს დაჯერებაც კი უჭირდათ, რომ ის რეალური არ იყო… გოგისა და მარიკას კიდევ ერთი დაუვიწყარო დუეტია, სიმღერა „მთელ ქვეყანაზე”. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია გოგი დოლიძის, ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის მეგობრობა. ნანი მას ხშირად უწოდებდა „ძალიან თბილ და შინაგანად სუფთა კაცს, რომელმაც სიმღერაში სევდა გაალამაზა“. ერთ-ერთ ინტერვიუში ნანიმ აღნიშნა: „გოგი იყო იშვიათი ადამიანი. მისი სიმღერა გულში ჩაგრჩებოდა და იშვიათად გავიდოდა ისე დღე, რომ არ მოგესმინა მისი ხმა.“ ეკა მამალაძე იხსენებდა, რომ გოგი „ადამიანების სევდას მღეროდა, მაგრამ ისე მღეროდა, რომ ტკივილშიც სინათლეს ხედავდი.“ არსებობს ერთ-ერთი კონცერტის ჩანაწერი, სადაც ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და გოგი დოლიძე ერთად მღერიან, ეს პატარა მუსიკალური ეპიზოდი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმ თბილი და მუსიკით სავსე მეგობრობის, რაც მათ შორის არსებობდა.

როგორ შეიძლება ვისაუბროთ გოგი დოლიძეზე, შეუდარებელი მაცაცო სებისკვერაძის გარეშე: „ჩემთან ოჯახში მოვიდა, ჩემი დის დაბადების დღე იყო, დავახლოვდით, ერთი სიამოვნება იყო მისი სიმღერების მოსმენა. ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რა უნდა ემღერა. ღამე დავჯექი და უცებ დავწერე „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“ და ვინ უნდა იმღეროს-მეთქი ვიფიქრე, დილას ვურეკავ, გოგი სიმღერა გავაკეთე და ეკა მამალაძესთან მინდა გამღერო-მეთქი… ასეთი სიხარული მე არ მახსოვს, გადაირია, მაცაცო, გენაცვალეო, ყვიროდა, სასწრაფოდ მოვიდა, ვაჩვენე და ასე შეასრულეს ეს სიმღერა” – იხსენებს ლეგენდარული კომპოზიტორი, რომლის სიმღერებიც გოგი დოლიძის შესრულებით, სამუდამოდ დარჩება ქართული მუსიკის ოქროს ფონდში.

მიუხედავად იმისა, რომ გოგი დოლიძის სახელთან, პირველ რიგში, სიყვარულის თემატიკა ასოცირდება, მას არაერთი პატრიოტული და ეროვნულ გრძნობებზე დამყარებული სიმღერა აქვს. „მთელი საქართველო იმღერებს“, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“, „ომში წასულო ვაჟკაცო“, „კიდევაც დაიზრდებიან“, ეს კომპოზიციები გოგის იმ ხმისთვის იყო შექმნილი, რომელიც სიმშვიდით და სიღრმით პირდაპირ გრძნობამდე აღწევდა.  ის იყო ძალიან ეროვნული ხასიათის ადამიანი და მტკივნეულად განიცდიდა ქვეყნის პრობლემებს, ომებს, შიდა დაპირისპირებებს. ხშირად ამბობდა: „თუ მუსიკით არ უთხარი შენს ქვეყანას, რომ გიყვარს, მაშინ რისთვის მღერი?“

გოგი იყო საოცრად უბრალო და თავმდაბალი ადამიანი. არ უყვარდა დიდება, არ ასრულებდა „პოლიტიკურ შეკვეთებს“, არ ეკარებოდა ყალბ ხმაურს. მისთვის მთავარი იყო სიმღერის სიმართლე. მისი ცხოვრების წესიც მუსიკალური იყო — ამბობდნენ, რომ ხანდახან ტაქსიშიც რომ ჩაჯდებოდა, მძღოლი ჰკითხავდა: „თქვენ ხომ ის ხართ, მანდ არ იმღეროთ, ცრემლები მომდის”.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გოგი ხშირად არ ხვდებოდა მედიაში. მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა რაღაც სათქმელი ჰქონდა. ეს კი მის პერსონას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. გოგი იმ იშვიათ მომღერალთაგანი იყო, ვინც სიმღერებს თემატურად და ემოციურად „წონიდა”. ვერასდროს იმღერებდა სიმღერას, რომელიც გულში არ შედიოდა. მოდით, გავიხსენოთ „ხმალი ავლესოთ ქართველებო“ , ეს სიმღერა არის პატრიოტული ჰიმნი, რომელიც მოუწოდებს ქართველებს ერთობისკენ, მებრძოლი სულის გაღვიძებისკენ და ღირსების დაცვაზე ფიქრისკენ. ტექსტი დატვირთულია სიმბოლიკით, ხმალი, როგორც ეროვნული იდენტობის ნაწილი და ისტორიული ძალა, რომელიც ყოველთვის თან სდევდა ქართველ ხალხს. გოგი დოლიძე ამ სიმღერას ხშირად ასრულებდა სწორედ იმ პერიოდებში, როცა ქვეყანაში დაძაბულობა და ეროვნული განცდები იყო მწვავე, მაგალითად, 90-იან წლებში. გოგის არცერთი პატრიოტული სიმღერა არ არის აგრესიული. ის მღერის პატივით, სევდითა და მოწოდებით, რაც მათ უფრო ღრმად ამძაფრებს. ალბათ იმიტომაც, რომ გოგი იყო საოცრად თავმდაბალი და კეთილი ადამიანი. მის ირგვლივ ყოველთვის იყო სითბო, მეგობრობა და სიმშვიდე.

გოგი დოლიძე მთელი ცხოვრება ებრძოდა გულთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს. მომღერალი გარდაიცვალა 1996 წლის 24 მარტს, როცა მხოლოდ 41 წლის იყო… მისი გარდაცვალება ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგი იყო. აი, რას ამბობდა მასზე გასაოცარი მარიკა თაყაიშვილი: „გოგისთან მუშაობა არა მხოლოდ პროფესიული სიამოვნება იყო, არამედ სულიერი სითბო. ის იყო ადამიანი, ვინც სიმღერაში თავის გულს დებდა.“

 „მის ხმას ჰქონდა რაღაც ზეციური. ის მღეროდა ისე, თითქოს სიცოცხლის ფერს გაძლევდა.“ – იხსენებდა მამუკა ჩარკვიანი.  

გოგი დოლიძის მემკვიდრეობა არ მთავრდება დროსთან ერთად,  ის ცოცხლობს იმ სიმღერებში, რომლებმაც ჩვენში უამრავი ემოცია და მოგონება დატოვა. გოგი დოლიძე არ არის უბრალოდ მომღერალი, ის გრძნობაა. მისი ხმა ჰგავს ძველ ფოტოს,  რომელიც გულს გაგითბობს, ტკივილს გაგახსენებს და თან სიმშვიდეს მოგიტანს. სევდა მის სიმღერებში არასდროს იყო დამთრგუნველი, პირიქით, ის იყო იმედიანი სევდა, რომელმაც ბევრი ქართველი დიდი სიყვარულით გააერთიანა .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g