LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგიტა გოგიძე: არის მომენტები, როცა რაღაცის შეცვლა გინდა… „რატომ წამოვედი“- არასოდეს მითქვამს, პირიქით, ეს სუპერ გადაწყვეტილება იყო

34
გოგიტა-გოგიძე

21 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გოგიტა გოგიძე სტუმრობდა, რომელმაც თავის ამერიკულ ცხოვრებაზე, ახალ სიმღერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ღამე მე და შენ“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა.

გოგიტა, 6 წელია, რაც ამერიკაში წახვედი. ვისაუბროთ შენს ამ გადაწყვეტილებაზე და იქაურ ცხოვრებაზე, როგორია ემიგრანტობა?

ხანდახან ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა რაღაცის შეცვლა, შემოქმედებითად ფრთების გაშლა გინდა და გინდა, რომ ეს ყველაფერი სხვაგან ნულიდან დაიწყო და ზუსტად ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში.

კი, მაგრამ ბევრს შიშის მომენტი აქვს…

შიშის მომენტი შეიძლება არის, მაგრამ მოგეხსენებათ, მე ასტროლოგიაში კარგად ვერკვევი და ეს ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა, როცა იუპიტერი მორიელში იყო. როცა გამარჯვების პლანეტა შენს ნიშანშია, ჩათვალე, რომ იმ წელს ბედისწერა, განგება, ვარსკვლავები, ყველაფერი გეხმარება. ამასთან ერთად იყო ძაღლის წელიწადი, რის წელშიც ვარ დაბადებული და ასევე იყო ჩემი ოქროს წელიწადი.

იყო თუ არა ისეთი პერიოდები, როცა გაგიჭირდა ამერიკაში ყოფნა, თუ გიფიქრია, რატომ წამოვედიო?

„რატომ წამოვედი“- არასოდეს მითქვამს, პირიქით, ეს იყო სუპერ გადაწყვეტილება, არა მარტო ჩემთვის და ჩემი შემოქმედების ფართოდ გაშლისთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც, ამით მე ჩემს შვილებს გზა გავუკვალე. პლუს ამას, ამერიკაში რომ ჩავედი, მეორე ამოსუნთქვა გამეხსნა. ერთი წელიწადი ასეთი აქცია მქონდა, ყოველ თვე ახალ სიმღერას ვაკეთებდი და 12 სიმღერა დავწერე.

ძალიან კარგი პროექტი გქონდა დუეტებთან დაკავშირებითაც და მინდა, ამაზეც ვისაუბროთ.

ეს იყო „დუეტები გოგიტასთან“ ერთად და ძალიან მალე გავაკეთე ეს პროექტი. ეს ხალხის ის კატეგორია იყო, რომლებიც ბავშვობაში სცენაზე დადგომაზე ოცნებობდნენ. არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა, ყველაზე პატარა მონაწილე 9 წლის მყავდა, ყველაზე ასაკობრივი 67 წლის. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანების უმრავლესობა 15-20 წელია წასულია საქართველოდან და ბევრს ისეთი სამსახური აქვს, რომ გარეთაც ვერ გამოდის. ამ პროექტმა გააერთიანა ეს ხალხი, ზოგი ერთმანეთს არც იცნობდა და ამ ღონისძიებაზე გადაიკვეთნენ. ძალიან ბედნიერები იყვნენ. ჩემი ერთი მეგობარი ამბობს, შენ ამერიკაში ფსიქოთერაპიული კურსი ჩაატარეო.

კიდევ აპირებ მსგავსი პროექტის გაკეთებას?

კი, აუცილებლად ვაპირებ, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია, უბრალოდ, კოვიდმა შეგვიშალა ხელი.

ამერიკაში მყოფ ქართველ კოლეგებთან რამდენად ხშირად იკვეთები და საერთო კონცერტები თუ გაქვთ?

ძირითადად მაშინ ვიკვეთებით, როცა საერთო ღონისძიება ტარდება, მაგალითად, თბილისობის დღესასწაულზე, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და ა.შ. თუ რაღაც საჭიროება არის ხოლმე, ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ახლა ახალ პროექტს ვაკეთებ ნინი წიკლაურთან ერთად განსხვავებულ ჟანრში, ჯაზ-როკში და კლიპიც უნდა გადავიღოთ ამერიკაში.

როგორია სამომავლო გეგმები?

გეგმები ბევრია. ევროპასთანაც მაქვს მოლაპარაკებები. აუცილებლად ვეწვევი ამსტერდამს, ჰააგას, იტალიას. რაღაც მოლაპარაკებები ისრაელთანაც მაქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ არის გამორიცხული, საქართველოც მიებას. სამომავლო გეგმები ბევრია. აუცილებლად დავიწყებთ ქართულ-ამერიკულ პროექტებს. პირველი რაც გაკეთდა,  ჩემმა შვილებმა ჩემთან ერთად წაიღეს წესდება ინტელექტუალური თამაშის, „ რა, სად, როდის“ და დაარსდა ნიუ-იორკის ლიგა, რომელსაც სათავეში ჩვენ ჩავუდგებით და ის რეგულარულად ჩატარდება. პირველი სეზონი ძალიან დიდი წარმატებით, სპონსორების დიდი ჩართულობით ჩატარდა. ძალიან დაინტერესდნენ, რადგან ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი ინტელექტუალური პროექტი ემიგრანტებისთვის. ჩემი მეგობარი მეუბნება, ამერიკის ისტორია ორ ნაწილად იყოფა, გოგიტა გოგიძემდე და გოგიტა გოგიძის შემდეგო (იცინის). ახლა ფონდის გაკეთებას ვაპირებ. გპირდებით, ძალიან მაგარ რაღაცებს გავაკეთებ.

ვისაუბროთ სიმღერის „ღამე მე და შენ“ ახალ ვერსიაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს არის სიმღერა, რომლის კლიპიც, პრინციპში, პირველად მოხვდა სატელევიზიო სივრცეში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ცირა ბზიშვილის როლი ამ საქმეში. მაშინ რამდენიმე სიმღერაზე იყო ლაპარაკი და ცირას ვკითხე, შენ რას მირჩევ-მეთქი. ცირამ მითხრა, მოდი, ეს სიმღერა გააკეთეო და ზუსტად გაარტყა, ეს სიმღერა წლები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გავიდა რამდენიმე წელი და მერე, სიმღერის „ღამე მე და შენ“ მეორე ვერსია, „ ისევ მე, ისევ შენ“ გავაკეთეთ. გავაკეთეთ „გამიფერადეც“, ტრილოგიასავითაა. შემდეგ, „ღამე მე და შენ“ ახალგაზრდებმა გააცოცხლეს. რადგან ახალგაზრდებს დაებადათ აზრი და სურვილი, რომ ეს სიმღერა ემღერათ, ესე იგი, ის არ კარგავს აქტუალურობას და მეც ჩემს თავს მივეცი უფლება, რომ ცოცხალ ბენდთან ერთად, უკვე სხვა შემსრულებლებთან ერთად გაკეთებულიყო ეს სიმღერა. ვფიქრობ, მსმენელიც ძალიან კარგად მიიღებს ამ ვერსიას. დიდი მადლობა გელა გნოლიძეს.

 

გოგიტა გოგიძე – ღამე მე და შენ (2023 ვერსია)

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g