გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს, ან სახელმწიფოებს გულისხმობს “უცხო ქვეყნებში”.
“გასულ წელს გამოიკვეთა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გარკვეული ქმედებები საქართველოს საგარეო პოლიტიკური საგარეო კურსის შეცვლის მიმართულებით. მიმდინარეობდა საზოგადოებას, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის ნდობის შემცირების პროცესის ხელშეწყობა. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებით ხდებოდა ჯანსაღი გეოპოლიტიკური ხედვის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნა. ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკალვების მიზნით ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიგრაციის არხების მონიტორინგის შედეგად, ფიქციური დოკუმენტების საფუძველზე საქართველოში ლეგალური ცხოვრების უფლების მოპოვების მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.
ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში.
გომელაურის ანგარიში პარლამენტში, დახურულ ფორმატში გაგრძელდება. ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დააყენა. გადაწყვეტილება კი კენჭისყრაზე მიიღეს, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა.