გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. სიტუაციიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საფრენი საშუალებაც. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.