ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური ბიოტექნოლოგიური პროექტის ფარგლებში 64 მილიონი სპეციალურად მომზადებული კოღოს გაშვება იგეგმება. ინიციატივას ახორციელებს Verily, რომელიც Alphabet-ის (Google-ის მშობელი ჰოლდინგი) შვილობილი კომპანიაა და ბიოტექნოლოგიურ კვლევებზე მუშაობს.
პროექტის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კალიფორნიასა და ფლორიდაში 32-32 მილიონ მამრი კოღოს გაუშვებენ. ისინი ინფიცირებულნი არიან ვოლბახიის (Wolbachia) გვარის ბაქტერიებით, რომლებიც ბუნებაში მრავალი მწერის ორგანიზმში გვხვდება.
მეცნიერების ჩანაფიქრით, ასეთი მამრი კოღოები ველურ მდედრებთან შეწყვილდებიან, რის შედეგადაც დადებული კვერცხები სრულფასოვნად ვერ განვითარდება. ეს მეთოდი თანდათანობით შეამცირებს იმ კოღოების პოპულაციას, რომლებიც ადამიანებისთვის საშიში დაავადებების გადამტანებად ითვლებიან.
სამიზნე სახეობას წარმოადგენს ე.წ. ყვითელი ცხელების კოღო (Aedes aegypti), რომელიც ავრცელებს ზიკას ვირუსს, დენგეს ცხელებას, ყვითელ ცხელებას და სხვა ინფექციურ დაავადებებს.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მეთოდი მეცნიერებაში უკვე ათწლეულებია გამოიყენება, პროექტმა აშშ-ში გარკვეული კრიტიკა და პროტესტიც გამოიწვია. ზოგიერთი პოლიტიკოსი და მოქალაქე კითხულობს, რატომ არის ტექნოლოგიური კომპანია ჩართული მწერების პოპულაციის მართვის პროგრამაში და ხომ არ შეიძლება ამგვარმა ჩარევამ ეკოსისტემაზე გაუთვალისწინებელი გავლენა მოახდინოს.

განსაკუთრებით აქტიური კრიტიკოსები იხსენებენ წარსულ შემთხვევებს, როდესაც უცხო სახეობების შეყვანამ ან გარემოში ადამიანის ჩარევამ მოსალოდნელი სარგებლის ნაცვლად ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია.
თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პროექტი არ გულისხმობს გენეტიკურად შეცვლილი ან ადამიანისთვის საშიში კოღოების გავრცელებას. პირიქით, მიზანია დაავადებების გადამტანი პოპულაციის ბუნებრივი გზით შემცირება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსპერიმენტები აშშ-ის რამდენიმე შტატში ადრეც ჩატარებულა. 2021 წელს ფლორიდაში, კალიფორნიაში, ტეხასსა და სხვა რეგიონებში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოებიც გამოიყენეს დაავადებების გადამტანი მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუ ახალი პროგრამა წარმატებით განხორციელდება, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანებისთვის საშიში კოღოების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკსაც შეამცირებს.