გორი-ხაშურის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან რვა პირი კვლავ საავადმყოფოში რჩება.
დაშავებულებიდან ერთი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შუა ხნის ქალი, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში რჩებიან, მედიკოსების ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარია დღეს დილით მოხდა, საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ათი კი დაშავდა.