ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და გავრცელების შეკავების რეკომენდაციებს შორის არის ჰიგიენური პირბადე, რომელიც საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების დღიდან დეფიციტში აღმოჩნდა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რამდენიმე კერძო დაწესებულებამ პირბადეების შეკერვის სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს ჯერჯერობით საკმარისი მაინც არ არის. მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება იმ სამკერვალოების რიცხვი, რომელიც მსგავი დამცავი საშუალების შექმნაზე იმუშავებს. მათ შორის აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტში არსებული კერძო სამკერვალო. სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს უკვე დიდი ხანია კერავენ და მსურველებზე უფასოდ გასცემენ. სამკერვალოს დამფუძნებელი, ნინო უმეკაშვილი აცხადებს, რომ უკვე 1500-მდე პირბადე აქვთ გაჩუქებული და კერვის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მკერავებს შორის ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი წვლილი შემეტანა კორორნავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში. გადავწყვიტე, ჩემს სამკერვალოში შემეკერა და მოსახლეობისთვის უფასოდ დამერიგებინა პირბადეები. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა და მოქალაქეთა ჩართულობაც. ადგილობრივებს თავად მოაქვთ სხვადასხვა ქსოვილი და უსასყიდლოდ გვაძლევენ, რომ მეტი პირბადის შეკერვა შევძლოთ. მკერავები არ გვყავს, სულ ოთხნი ვმუშაობთ და აქედან ერთი მათგანი ჩვენი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც კერვა ახლა ისწავლა. გვერდში გვიდგას ადგილობრივი ხელისუფლება, მათი და მოსახლეობის დახმარებით, შეგვიძლია გავაკეთოთ კეთილი საქმე”, – ამბობს ნინო უმეკაშვილი.