LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძელვადიან პერიოდში, ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ ექნება: კაკაურიძე

89
გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ ექნება.

ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტში ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე მან 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სიღარიბის მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ მოსახლეობის 20% სიღარიბეშია და აქვე განმარტა, რომ ქვეყანას ეკონომიკური პარამეტრებიდან ძალიან მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, რომელიც სიღარიბის ერთ-ერთი წყაროა:

“მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეფორმა განხორციელდა და არაერთი მიმართულებით სწორი ნაბიჯი გადაიდგა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდა, იქიდან გამომდინარე, რომ ვართ პატარა ეკონომიკა, იმხელა მასშტაბებზე ვერ გავედით, რომ თუნდაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10-ათასს დოლარიანი მაჩვენებლი იყოს, რაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის კარგი მაჩვენებელი იქნებოდა.

მოსახლეობის 20% არის სიღარიბეში. სამწუხაროდ, ეკონომიკური პარამეტრებიდან გვაქვს ძალიან მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც სიღარიბის ერთ-ერთი წყაროა. როცა მუდმივად გვექნება 10-12%-იანი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკიდან დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში გაედინება. პანდემიამდე ბოლო 7-წლიან პერიოდში როგორი დინამიკა იყო ქვეყანაში? შეიძლება ბევრმა თქვას, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ცოტაა, რა თქმა უნდა 10%-იანი ზრდა ჯობია, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გრძელვადიან პერიოდში, ჩვენს ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერ ექნება. თუ ვინმე იტყვის, რომ პირობითად 10-წლიან პერიოდში შეიძლება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა იყოს, ეს არის ტყუილი.” – განაცხადა კაკაურიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g