„ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნდა და კვლავაც გააჩნია ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რაზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი“, – ასე აფასებს „ლელო -ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, გრიგოლ გეგელია ევროკომისარ მარტა კოსის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებით გააკეთა.
გრიგოლ გეგელიას სიტყვებით, „ნებისმიერი პროპაგანდისტული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს არის სრული ბოდვა და მეტი არაფერი“.
„ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს გააჩნდა და კვლავაც გააჩნია ყველა შანსი და შესაძლებლობა, რომ სწრაფი ტემპით წავიდეს ევროპული ოჯახისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა ყველა ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და გაატარებს ყველა იმ რეფორმას, რაზეც ამ ბოლო წლებში ყოფილა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და მოხდება ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება. შესაბამისად, ნებისმიერი პროპაგანდისტული მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კავშირის მხრიდან არის შეჩერებული ევროინტეგრაცია, ეს არის სრული ბოდვა და მეტი არაფერი.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვისმენთ, რომ ევროპული კავშირი მზად არის, ისაუბროს რეალურ ინტეგრაციაზე და შემდგომ ნაბიჯებზე, იმ შემთხვევაში თუ შემხვედრი ნაბიჯები იქნება გადადგმული „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.
ამიტომაც, კარი ჩარაზულია კობახიძის მიერ. რუსულმა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეჩერებულიყო საქართველოს ევროატლანტიკური სვლა. ამის შედეგად, ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არის დასრულებული და სომხეთი არნახულ სიმაღლეებს აღწევს საერთაშორისო ასპარეზზე. ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს საკითხი არც კი არის შეტანილი განხილვის დღის წესრიგში, როდესაც სომხეთი დელეგაციით იმყოფება ადგილზე, საკუთარი ეროვნული ინტერესების ლობირების მიზნით“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისათვის, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, „მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო განიცდის ისეთ დემოკრატიულ უკუსვლას, როგორსაც არც ერთ სხვა ქვეყანა. ჩვენ ველით, რომ თუ ქვეყანას ევროპულ გზაზე წინსვლა სურს, მათ სხვაგვარად უნდა მოიქცნენ. ეს ეხება მთავრობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ იმისთვის, რომ მთავრობას ვუთხრათ, რომ მართლები არ არიან, თუ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ…
ნამდვილად იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, თქვენი ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, – თქვა ევროკომისარმა.
