“ეს ამბავი გადაწყდა სოლოლაკში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით დაიხურა ჩემი გადაცემები. მეგობრებო, ნუ ”გააპრავებთ” ამ გადაწყვეტილებას. მე მგონია, 2 წლის მერე თქვენ იქნებით ოპოზიციაში,” – ეს განცხადება ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუ „არჩევანში“ საუბრის დროს გააკეთა.
”მე ვამბობ, რომ ეს სოლოლაკში გადაწყდა. ხელისუფლებაში ეს ყველას აზრი არ იყო. მე არ ჩავაგდებ უხერხულ მდგომარეობაში ადამიანებს, რომლებთანაც ამ დღეებში მქონდა კავშირი. მე მათ ვუთხარი, 9 წლის განმავლობაში მაშინდელი ოპოზიციის და ახლა ხელისუფლების წევრები აპროტესტებდნენ, როდესაც სააკაშვილი გადაცემას მიხურავდა. მაშინ ამბობდნენ, რომ თავისუფალ სიტყვას ებრძვიანო. კი, მაშინ ებრძოდნენ თავისუფალ სიტყვას. ამიტომაც შევეხმიანე ზოგიერთ მათგანს და ვკითხე, დღეს “ვაპრავებთ” თუ არა ამ ყველაფერს? მათ მითხრეს, რომ არაფერი არ იციან და არ ჩარეულან ამ პროცესებში. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ჩემი გადაცემის მიმართ,”- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ამასთან, ჟურნალისტი 2 თვეში ეთერში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა რომელ ტელეარხზე, ის ამას ამ ეტაპზე არ ამბობს.
გადაცემა „არჩევანში“ ინგა გრიგოლიამ თქვა, რომ ის ჯერ ნაწყენია და მცირე ხნით დასვენება სჭირდება. თუმცა, არჩევნებისთვის ის ეთერში ისევ გავა.
„ერთი-ორი თვე დავისვენებ და, თუ ვინმეს უნდოდა, რომ წინასაარჩევნოდ ჩემი გადაცემები არ ყოფილიყო ეთერში, მე მათ ვაძლევ გარანტიას, რომ მე ვიქნები პირდაპირ ეთერში. ძალიან ნაადრევია სიხარული და ნუ გიხარიათ, მე ეთერში დავბრუნდები!“ – აცხადებს ინგა გრიგოლია.
ამასთან, მან გადაცემის დახურვის შემდეგ დეტალებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ პირველი, ვისაც ის ესაუბრა და საქმის კურსში ჩააყენა, საქართველოს პრეზიდენტი იყო.
გრიგოლიას განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილება გადაცემების დახურვის შესახებ გაუკვირდა.
„პრეზიდენტი იყო პირველი ადამიანი, ვისაც მე ვესაუბრე. ეს გადაწყვეტილება როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, მე მას მივწერე მესიჯი და მან გადმომირეკა და ის იყო პირველი ადამიანი, ვინც მე ჩავთვალე, რომ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. ის იყო ძალიან მკვეთრი თავის განცხადებაში, რომელიც მან გააკეთა ჩემგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ,“ – აცხადებს ინგა გრიგოლია.