დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოსახლეობას ვირუსებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მისცა. პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ ცირკულირებს, ასევე, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ევროპის უმრავლეს ქვეყნებშიც არ არის.
“გრიპისმაგვარი დაავადებები, ჩვენ რომ გაციებას ვუწოდებთ, ასეთი ვირუსები დადის. მათ შორის, ყოველკვირეულად შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე ნახოთ ამჟამად რა ვირუსებია საქართველოში. ბოლო კვირების განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს: რინო ვირუსები, პარაგრიპის ვირუსები, მეტაონევმო ვირუსები. ეს სამი ვირუსია წამყვანი ქვეყანაში არსებული გაციების ვირუსებში. გრიპის ვირუსის გამოჩენას დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით. ჯერჯერობით, ყველა პროგნოზით, გრიპის ვირუსი ცოტა უნდა იყოს,” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
რეკომენდაციებია, რომ გრიპიანი და გაციებული ადამიანი ნაკლებად მივიდეს სამსახურში და უფრო ნაკლებად გაავრცელებს, ასევე, მნიშვნელოვანია დახველებისას ეტიკეტის დაცვაც.
რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, პაატა იმნაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები იცრება, ესენია: დიალიზზე მყოფი პაციენტები, აივ ინფიცირებულები, დიაბეტის მქონე 18 წლამდე ბავშვები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები და ორსულები.