LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ახალი საბაგირო გაიხსნა

23

გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის – „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა სამთო სპორტის მოყვარულებს ახალი საბაგიროს გახსნა მიულოცა და გუდაურის კურორტის განვითარებაში ადგილობრივების დიდ წვლილზე ისაუბრა.

“პირველ რიგში მივესალმები ძველ გუდაურელებს, იმ ადამიანებს, რომელთა ენთუზიაზმითაც დაიწყო გუდაურის იდეა და აშენდა ეს მართლაც და მსოფლიოში ერთ-ერთი უმშვენიერესი კურორტი. ასეთი განსაკუთრებული იდეის განხორციელება გმირობის ტოლფასია- როცა იწყებ ამხელა საქმეს და უდიდესი გამძლეობა, ძალიან ბევრი საწინააღმდეგო აზრის გადატანა და ბრძოლა გიწევს. ამიტომ, ათმაგად მნიშვნელოვანია თქვენი გმირობა და ის უდიდესი ღვაწლი, რომელიც ამ უმშვენიერესი კურორტის შექმნაში მიგიძღვით. ჩვენ ღირსეულად ვაგრძელებთ თქვენს საქმეს და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და შეიძლება ითქვას, რომ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა. ასევე, ეს არის ის უახლესი სისტემები, ის უახლესი საბაგიროები, სასტუმროები და ინვესტიციები რომლებიც დღეს აქ ხორციელდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე დასრულებულია გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა კანადურ კომპანია “ეკოსაინთან” ერთად, რაც იძლევა საშუალებას, რომ კურორტი გეგმაზომიერად და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისად განვითარდეს.

“ჩვენ დღეს აქ ამოვედით, რომ გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანია “Doppelmayr”-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას კურორტ გუდაურში. ჩვენ დავასრულეთ კანადურ კომპანია “ეკოსაინთან” ერთად გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა და დღეიდან მოყოლებული ქაოსური განვითარება აღარ იქნება ამ კურორტზე და იქნება გეგმაზომიერი, თანამედროვე და მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი განვითარება. ეს მოითხოვს გარკვეულ რეგულაციებს ამ განვითარების დროს, მაგრამ ეს იქნება იმისათვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი ნახოს თითოეულმა სასტუმრომ, რომელიც აქ არსებობს, საოჯახო და დიდმა სასტუმროებმა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, გუდაურში 2018 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება, რაც დღემდე პრობლემაა.

“გუდაურში ყოველთვის წყალმომარაგების პრობლემა იყო. წელს, წყალმომარაგების პირველი ეტაპი დასრულდა. 2018 წელს კი, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის განვითარების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება “დიდი მომავლის და ძალიან მნიშვნელოვანი საქმის საფუძველი”.

“არ არის მარტივი პერიოდი, ხედავთ, რომ რაღაც პერიოდის გადატანა გვიწევს, მაგრამ ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ – 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი კერძო სექტორისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, იქნება ბევრი ინვესტიცია, თითოეული ბიზნესმენის უფლება იქნება ძალიან მაღალ დონეზე დაცული და მე ვარ აბსოლუტურად სავსე ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით,” – აღნიშნა პრემიერმა.

საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. საპატიო ჯილდო გადაეცათ იმ პირებს, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.

2016 წელს გუდაურის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარებისა და საერთო პოტენციალის ზუსტი დადგენისთვის კანადურმა კომპანია „ეკოსაინმა“ შეიმუშავა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რაც არის ფუნდამენტური დოკუმენტი კურორტის სწორი დაგეგმარებისა და განვითარების კუთხით. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ასევე დაიწყო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ჩართულობით, გუდაურსა და მის მიმდებარე სოფლებში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის,“ სამთო გამყოლთა ასოციაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში პირველად დაარსდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომელიც საერთაშორისო დონის მთაში გამყოლ გიდებს მოამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები