29 სექტემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გუგა კობრავა სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი, „ჩემი ტურფა საქართველო“ წარუდგინა და კიდევ ერთი ახალი სიმღერა დააანონსა.
გუგა, მუდამ აქტუალური და მოთხოვნადია შენი სიმღერა „იმერული სატრფიალო“, რას გვეტყვი ამ ნამუშევრის შესახებ?
სხვათა შორის, „იმერული სატრფიალოდან“ დაიწყო ყველაფერი. ვინ არ რეკავდა, როგორი მესიჯები აღარ მოდიოდა… სიმღერას ბევრი ნახვა და მოწონება ჰქონდა, 5-6 წელია გასული გამოსვლიდან და დღემდე ძალიან მოთხოვნადია.
ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე…
სიმღერას რომ დებ, არ იცი, როგორ მოწონებას დაიმსახურებს, მაგრამ საქართველოზეა ეს სიმღერა და ამიტომ ძალიან საინტერესო და მოთხოვნადი აღმოჩნდა. უკვე 4-5 მილიონ ნახვამდე ავიდა ეს სიმღერა…
რადგან საქართველოზე იყო სიმღერა, დოლის, ფანდურის და გარმონის თანხლებით ჩავწერე. სიმღერა კახა სულაბერიძესთან ჩაიწერა. შემდეგ კლიპიც გადავიღეთ. „რუსთავი 2“- ში ვიყავი და ვიდეო სამ დღეში 1.5 მილიონ ნახვაზე ავიდა, ემოციებს ვერ ვმალავდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მოისმინა და მოიწონა.
ვის ეკუთვნის სიმღერის ტექსტი?
ეს ძველი სიმღერაა, უფრო ხალხურს დავარქმევდი… სამეგობრო რომ შევიკრიბებოდით ხოლმე, დოლ-გარმონზე ვმღეროდით ამ სიმღერას. სულ ტაშს და ხალისს იწვევდა და ამიტომ ჩაწერა მომინდა.
როგორია პოპულარობა?
ხალხის სიყვარულის მოპოვება იოლი არ არის და როცა მოიპოვებ უნდა შეინარჩუნო. ეს სიყვარული მე ყველას უნდა დავუბრუნო.
როგორია სამომავლო გეგმები?
მაქვს ახალი სიმღერა, დამთავრებულია კლიპის გადაღებაც და კიდევ გესტუმრებით პრემიერით.
გუგა კობრავა – ჩემი ტურფა საქართველო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გუგა კობრავა. ვიდეო კოლაჟი