LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულბათი პატარა გაბრიელის მამა გახდა – „მამობის გრძნობა განმიახლდა…“

1069
gulbati2010

ლევან გულბათაშვილს, რომელსაც „არ დაიდარდოს“ მსმენელი კარგად იცნობს, როგორც გულბათს, ახლახან მესამე შვილი შეეძინა. ბიჭუნას გაბრიელი დაარქვეს. გულბათს მისალოცად დავურეკეთ და ამბები გამოვკითხეთ.

ლევან გულბათაშვილი:

მე და ანანოს ქორწინებიდან მესამე წლის იუბილე 28 ოქტომბერს გვისრულდება, 26-ში კი ჩვენი პირველი შვილი დაიბადა. ჩემთვის გაბრიელი მესამე შვილია, ანანოსთვის – პირველი. ჩემი უფროსი ქალიშვილი, თამარი 13 წლისაა, ნიკოლოზი – 9-ის. მათი დაბადებიდან საკმაო დროა გასული და გაბრიელის დაბადებით მამობის გრძნობა განმიახლდა, თავიდან შევიგრძენი ყველაფერი.

სახელი როგორ შეურჩიეთ?

მე და ანანომ ერთობლივად გადავწყვიტეთ, მისთვის გაბრიელი დაგვერქმია, მამა გაბრიელის პატივსაცემად.

ალბათ, ძალიან ინერვიულე…

რა თქმა უნდა. ნათესავები და მეგობრები ჩემ გვერდით იყვნენ, მაგრამ რაღაც დროს განმარტოება მერჩივნა. მარტოს მაინც არ მტოვებდნენ. ანანო საღამოს მივიყვანეთ კლინიკაში და მეორე დღის ხუთ საათზე შეგვეძინა შვილი. ბოლო ნახევარი საათი კონტაქტზე რომ აღარ გამოდიოდა, მივხვდი, რომ მშობიარობდა. კლინიკაში კორონავირუსის გამო მკაცრი რეგულაციებია და მეშვიდე სართულზე, იმ განყოფილებაში, სადაც ანანო იწვა, მხოლოდ მამას ჰქონდა ასვლის უფლება. ავედი, მაგრამ ჩვენმა ნათესავებმაც მოახერხეს ამოსვლა და მალევე მესენჯერში ანანომ გაბრიელის პირველი ფოტოები ჩამიყარა. ერთად ვნახეთ ფოტოები და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

სიმღერით არ მიულოცე ანანოს?

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. სიმღერა უკვე მოგვიანებით იყო, სახლში, მეშვიდე სართულამდე ჩვენი ხმა რთულად ააღწევდა, გარდა ამისა, ფანჯრები ეზოს მხარეს არ გამოდის და აზრი არ ჰქონდა.

მსმენელმა როგორ მოგილოცა?

უამრავმა ადამიანმა მომილოცა, მათ შორის, „არ დაიდარდოს“ მსმენელმა, რითაც ძალიან გახარებული ვარ. ყველასთვის გადამეხადოს. მომწერეს არა მხოლოდ პირადად, მესენჯერში, არამედ სოციალურ ქსელში, სტატუსებით, რადიოში, პირდაპირი ეთერების დროს. ძალიან დიდი მადლობა ყველას!..

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები