LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გულგახეთქილი შევვარდი ინტერნეტბანკში და ჩემი ხელფასის მხოლოდ მეოთხედიღა იყო დარჩენილი, 1100-ლარზე მეტი თაღლითებმა წამგლიჯეს” – დაზარალებული თაღლითური სქემის დეტალებზე წერს და საზოგადოებას აფრთხილებს

752
თაღლითობა

ნინო ჩუტკერაშვილი, რომელიც თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, დაზარალების საკუთარ ისტორიას საჯაროდ აქვეყნებს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც მოქალაქე წერს, ყველაფერი დივნის გაყიდვის მცდელობით დაიწყო, საიტზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დაუკავშირდა ნივთის შეძენის მსურველი, რომელმაც საბანკო ინფორმაცია მოსთხოვა და ამის შემდეგ ჩამოეჭრა ბარათიდან თანხა.

უფრო მეტი დეტალი შეიტყვეთ სტატუსიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ცხოვრებაში რაღაც-რაღაცები ძალიან ცუდად გამომდის. მაგალითად, გაყიდვა.

ოჯახიდან კუთხის დივანს გაყიდვა გადავწყვიტე. ისე, ორი წლის წინ ვიყიდე და საკმაოდ ძვირიც მივეცი. მაგრამ ისეთი გემრიელი და კარგი დივანია, არ ვჩიოდი. ახლა კი მიზეზთა გამო მისი გაყიდვა აუცილებელი შეიქნა და მეც დავდე განცხადება mymarket.ge-ზე. გადავუღე ფოტოები, დავწერე გულისმომკვლელი ტექსტი, თუ როგორ მიყვარს ეს დივანი, როგორ მენანება და როგორ მინდა, რომ ვინმე კარგმა ადამიანმა შეიძინოს, თანაც ნახევარ ფასში.

მეორე დილას WhatsUp-ით მომდის მესიჯი რუსულ ენაზე, ხომ არ გაგიყიდიათ დივანიო, რა ზომააო, რაიმე ნაკლი თუ აქვსო, ფოტოები ჩამიყარეთო, ესაო, ისაო… ფასს ხომ არ დამიკლებთო და…. მოკლედ, შევთანხმდით. სახელი „მეი“ მქვიაო. ტელეფონის ნომერსაც ვწერ, საიდანაც მომწერა. ჩემი ვარაუდით რუსულენოვანი კანადელი უნდა ყოფილიყო, რადგან აი, ამ ნომრიდან მომწერა +1(902)612-8073.
დივნის წასაღებად „დელივერი: სერვისს დავუკავშირდებიო, თანხა ჩაგერიცხებათ, მოვლენ და წაიღებენო.

ჩემ ქმარს ამაყად და ტრაბახით გადავურეკე: , აბა, წამოდექი, დივანი გავყიდე და გაამზადე, ბალიშები გადაალაგე, მოვლენ და წაიღებენ-თქო. ისიც გაოცდა, ცხოვრებაში არაფერი გაგიყიდია და ასე ყოჩაღად როგორ მოახერხეო.

„მეი“ მწერს, ლინკს ჩაგიგდებ, შეავსე საბანკო ბარათის მონაცემები და იქ ჩაგირიცხავ თანხასო. შევედი ლინკზე: Pay.irar-paysn.top/233221737, ვავსებ „საქართველოს ბანკის“ ბარათის მონაცემებს, მივყვები, მივყვები და ინტერნეტ ბანკის „ლოგ ინ“-ი და პაროლი მომთხოვა. მივწერე, ასე არ შეიძლება, ეს რაღაც აფერისტულია ლინკია, ჩამირიცხეთ ჩემს ანგარიშზე, ან ფული ხელზე მომეცით და მიტანის სერვისს ცალკე გადაუხადეთ-მეთქი.

მპასუხობს: მოკლედ ვერაფრით ვერ შევძლებ მოსვლას, მეორე მიტანის სერვისის ლინკს მოგცემთ და იქ გადაგიხდითო.

ამჯერად ჩამიგდო აი, ეს ლინკი: gpost.deliveryt.cam/7767192933539. შევედი. დამხვდა „საქართველოს ფოსტის“ მიტანის სერვისის ლინკი. ერთი წუთითაც კი არ დავეჭვებულვარ, რომ ეს ყალბი ლინკი იქნებოდა. მეც ალალად , ჯიგრულად, იმის მოლოდნით რომ თანხა ჩამერიცხება და დივანს წაიღებენ, შევავსე ლინკი ჩემი „თიბისი ბანკის” ბარათის მონაცემებით.

მეი მწერს, რომ იქნება სხვა ბარათი სცადო, აქ შეზღუდვები გაქვს და ვერ გირიცხავ თანხასო. მე კი ბანკში დავრეკე, არიქა, მომიხსენით შეზღუდვები, თანხას ვერ ვიღებ-თქო.

ცოტა ხანში დაიწყო და დაიწყო… მომდის მესიჯ, მესიჯზე: ჩამოგეჭრათ 248 დოლარი, 29 ევრო, 40 ევრო… გულგახეთქილი შევვარდი ინტერნეტბანკში და …. ჩემი ხელფასის მხოლოდ მეოთხედიღა იყო დარჩენილი, 1100-ლარზე მეტი თაღლითებმა წამგლიჯეს!!!!

აქეთ ვეცი, იქით ვეცი…დავრეკე ყველა ბანკში, ყველაფერი დაბლოკე, “მაიმარკეტს” დავუკავშირდი და ყველა მენეჯერი თვითონ მიყვებოდა, როგორი სქემით გავხდი თაღლითების მსხვერპლი.

ეეჰ, წყევლა-კრულვა არ დამიკლია ყველა თაღლითისთვის და პოლიციაშიც განვაცხადე, მაგრამ ჩემ თანხას არავინ დამიბრუნებს, ამ აზრს შევეგუე.

მოკლედ, ვისაც არ დაგეზარათ და ბოლომდე წაიკითხეთ, ძალიან ფრთხილად იყავით.

ჩემი კუთხის დივანი კი ისევ გასაყიდია და მასში უკვე 2300 ლარი მაქვს გადახდილი. 600 ლარად არ გინდათ?”- წერს ჩუტკერაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g