მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში ახლახან დიდი ტრაგედია დატრიალდა. ნიკა ქვრივიშვილი, რომელიც 5 წლიდან მის ოჯახში იზრდებოდა დებთან ერთად, ავტოავარიას ემსხვერპლა.
ალექსანდრეს დედა, გულიკო ეგნატაშვილი ჟურნალ „სარკეს“ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ესაუბრა:
„ისევ ჩემთან არიან ეს ბავშვები. ნიკა 18 წლის რომ გახდა, ჯარში გაიწვიეს. მიდიოდა დილით და საღამოს უკან ბრუნდებოდა. ხან თავის მამასთან იყო, მაგრამ უჩვენოდ მაინც ვერ ძლებდა. იმ საშინელ დღესაც მამასთან იყო და ჩვენთან წამოვიდა. ავტობანზე გადმოდიოდა. ალბათ, იფიქრა, რომ მანქანას გადაასწრებდა, მაგრამ სახლამდე ვეღარ მოაღწია…
ჩემი შვილებისთვის არ დამითმია იმდენი დრო, რამდენსაც ამ ბავშვებს ვუთმობდი. მათი თანდასწრებით ჩემს შვილებს არც ვეფერებოდი. ყველამ იცის, რამხელა ამაგი და სიყვარული მაქვს ამ ბავშვების, რომლებიც არასდროს განმისხვავებია საკუთარი შვილებისგან. ვერ აღვწერ, ახლა რასაც განვიცდი და რა მდგომარეობაშიც ვარ, ამას სახელი არ აქვს! თითქოს გაჩერდა სამყარო, აღარაფერი არსებობს ჩემ ირგვლივ. ისეთი ბედნიერები ვიყავით ყველა… ვფიქრობდი, გაიზარდა ნიკა უკვე, ცხოვრებას მოიწყობს, ბედნიერი იცხოვრებს-მეთქი… და უცებ ხელიდან გამომეცალა..
მინდოდა, ალექსანდრესთვის მე მეთქვა, დავურეკე, ნიკას მანქანა დაეჯახა-მეთქი. მაშინვე მითხრა, ხომ კარგად იქნება, ხომ არაფერი გჭირდება, მითხარი დროზეო. რომ ვუთხარი, აღარაფერია საშველი-მეთქი, ტელეფონი გაუვარდა ხელიდან… ნახევარი საათი ვკიოდი ტელეფონში, მაგრამ ხმას არ მცემდა…
ბავშვებს ბიოლოგიური მამა ჰყოლიათ, დედა სად არის?
დედა გარდაცვლილია, მხოლოდ მამა ჰყავთ. წლების წინ გვითხრეს, რომ ოთხი შვილი ჰყავდა ოჯახს და დედა ძალიან ცუდად იყო. უნდოდათ, ცოტა ხნით სადმე შეეფარებინათ თავი. ოთხივე წამოვიყვანეთ, რომ ბავშვები ერთმანეთს არ დასცილებოდნენ. დედამისმა რომ გამიცნო, მითხრა, ბედნიერი მივდივარ ამქვეყნიდან, არაფერზე ვნერვიულობო. ახალგაზრდა იყო, მაგრამ ფეხზე ვერ დგებოდა, ისე ცუდად იყო. რომ წამოვიყვანეთ ბავშვები, ის გოგო ოთხ თვეში გარდაიცვალა. ეს სტრესი ძლივს გადავატანინე ბავშვებს. როგორია დედის გარდაცვალება?! სულ ვცდილობდი, არ ეგრძნოთ, რომ დედა არ ჰყავდათ…