გულის თანდაყოლილი მანკი ზოგჯერ პირველივე წელს ვლინდება, ზოგჯერ კი სიცოცხლის ბოლომდე ფარული რჩება. გულის თანდაყოლილი მანკი შეიძლება გამოიწვიოს დედის ორგანიზმზე რადიაციის გავლენამ, ორსულის მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ზოგიერთი წამლის მოხმარებამ. ასევე საშიშია ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადატანილი ვირუსული და სხვა ინფექციები (წითურა, გრიპი, B ჰეპატიტი, ჰერპესი). უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიან ქალებს გულის მანკით დაავადებული ბავშვის გაჩენის ალბათობა ნორმალური წონის ქალებთან შედარებით 36%-ით მეტი აქვთ, თუმცა ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადრეული ციანოზით მიმდინარე მანკები (ე. წ. ლურჯი მანკები) ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება. მრავალი მანკი, განსაკუთრებით – პირველი და მეორე ჯგუფისა, წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შემთხვევით ვლინდება პროფილაქტიკური გასინჯვისას ან უკვე მოზრდილ ასაკში ჰემოდინამიკის დარღვევების პირველი კლინიკური ნიშნების გაჩენის შემდეგ. III და IV ჯგუფის მანკები შესაძლოა შედარებით ადრე გართულდეს გულის უკმარისობით, რასაც ლეტალურ შედეგამდე მივყავართ.
დიაგნოზს სვამენ გულის კომპლექსური გამოკვლევის შედეგად. მანკების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას აწარმოებს კარდიოქირურგი. გულის მდგომარეობის დასაზუსტებლად მიმართავენ რენტგენულ კვლევას და რენტგენოგრაფიას სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებით. გულის შუილების გამოსაკვლევად იყენებენ ფონოკარდიოგრაფიის მეთოდს, ექოკარდიოგრაფიით იკვლევენ გულის კუნთისა და სარქვლების მდგომარეობას, გულში სისხლის დენის სიჩქარეს. გულის მუშაობის გამოსაკვლევად აუცილებელი მეთოდია ელექტროკარდიოგრაფია. პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც გულის მანკის თავიდან აცილების გარანტიას მოგვცემდა, არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, დროულად იქნეს შემჩნეული დარღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში. ასე რომ, 40 წლის შემდეგ, თუნდაც თავს სავსებით ჯანმრთელად გრძნობდეთ, წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია ეკგ-ს გადაღება.
გულის თანდაყოლილი მანკის დროს ახალშობილი შესაძლოა სამ წლამდე ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, მერე კი თავს იჩენს დარღვევები: ფიზიკური განვითარებით ჩამორჩენა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, სიფითრე ან სილურჯე. ე. წ. ლურჯი მანკის დროს შეტევები ერთბაშად და მოულოდნელად ვითარდება. ბავშვი აგზნებულია, წრიალებს, უძლიერდება ქოშინი და კანის სილურჯე. შესაძლოა, გონებაც კი დაკარგოს. ასეთი შეტევები ხშირად აქვთ ადრეული (2 წლამდე) ასაკის ბავშვებს. მათთვის დამახასიათებელია აგრეთვე დასვენების თავისებური პოზა – ჩაცუცქვა. ფერმკრთალი მანკის დროს განვითარებით უპირატესად სხეულის ქვედა ნაწილი ჩამორჩება. 8-12 წლის ასაკში ავადმყოფი უჩივის თავის ტკივილს, ქოშინს, თავბრუსხვევას, გულის მიდამოს, მუცლისა და ფეხების ტკივილს. ძგიდის დიდი დეფექტების არსებობისას ავადმყოფთა ნახევარი წლამდეც ვერ ცოცხლობს გულის მძიმე უკმარისობის განვითარების ან ინფექციური ენდოკარდიტის თანდართვის გამო. მანკის კეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს ოპტიმალური ასაკი ოპერაციის ჩასატარებლად 8-დან 14 წლამდეა.