LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულწრფელი და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული – მმართველი გუნდის შეფასებები ივანიშვილის ინტერვიუზე

1540545660_5bd2df83eff79

გულწრფელი და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული – ასე აფასებენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებებს “ქართულ ოცნებაში”. აკაკი ზოიძის განცხადებით, ივანიშვილმა მართვის სტრუქტურის ხარვეზებზე შერბილების გარეშე ისაუბრა და მოქმედების გეგმა რომელიც თითოეულ მოქალაქეზე პოზიტიურად უნდა აისახოს, მკაფიოდ ჩამოყალიბა.

„ძალიან ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა და კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც ადამიანები იგრძნობენ კონკრეტულად ამ გეგმის პოზიტიურ შედეგებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იყო კიდევ ერთი თემა, რომ მხოლოდ ნახევარი წუთი დაუთმო უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგ აქტს, რომელსაც ის პირადად აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის.

150 ათასამდე სოციალურად დაუცველი და ათობით ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, შეამსუბუქონ და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ილაპარაკა ყველაფერზე, რაც ეხება ხალხს, მაგრამ არ ილაპარაკა საკუთარ თავზე და იმ უდიდეს ქველმოქმედებაზე, რომელსაც აკეთებს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ კი  აღნიშნა ივანიშვილმა  ისაუბრა მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, რომელიც ჯერ კიდევ აწუხებს საზოგადოების დიდ ნაწილს და ყურადღება გაამახვილა ნაბიჯებზე, რომელიც ამ პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გადაიდგას.

„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ეს მძიმე მდგომარეობა რაც შეიძლება მალე იქნას დაძლეული. ამ ღონისძიებათა შორის არის თუნდაც მათი დავალიანების განულება და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ჩაფიქრებულია არჩევნების შემდეგ და აუცილებლად იქნება რეალიზებული. მაგრამ რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტად გაამახვილა ყურადღება არის ის, რომ ამის სწორად და პროფესიულად რეალიზაციისთვის საჭიროა საკმაოდ გამოცდილი, დახვეწილი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი. ვფიქრობ, ასეთი გუნდი ჩვენ გვყავს. მე მგონია, რომ ორგანიზაციული მხარე არის სერიოზულად მისახედი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g