“გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ”, – ამის შესახებ საქართველოს “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
“პირველმა არხმა” ქართული ოცნების თავმდჯომარესთან ჩაწერილი ინტერვიუს ანონსი გაავრცელა, სადაც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.
„საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ეს ბოლო ინტერვიუ იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა. უკაცრავად და ქარაქუცა პარტიები აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკიდან მეორედ წასული ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძემ უნდა ჩაანაცვლოს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინეს. პარტიის ყრილობა 16 იანვარს ჩატარდება.