შეიძლება ადამიანს ბევრი წელი იცნობდე, იცოდე მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ხელოვნების გამომხატველობითი ფორმების მიმართ, მაგრამ წარმოდგენა არ გქონდეს, რომ შინ თავისთვის, ჩუმად, ერთმანეთზე უფრო ლამაზ აქსესუარებს ქმნიდეს.
თათია პაქსაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, დღეს უკვე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთ დღესაც სოციალური ქსელით, უდიდესი მოკრძალებით, საკუთარი ნამუშევრების ფოტოები გამოაქვეყნა. შემდეგ ახლობლების, მეგობრების, კოლეგების შეგულიანებამ გაჭრა და თათიამ საკუთარი ნაფიქრ-განცდილი „გურაბანის“ (Gurabani) სახელწოდების ქვეშ გააერთიანა. დროთა განმავლობაში გამოფენებზე გასვლის სითამამეც მოიკრიბა და ასე ნელ-ნელა გააცნო თავი ხელნაკეთი ნივთების ნამდვილ დამფასებლებს.
„გურაბანის“ ფერად, მსუბუქ და ორიგინალურ პროდუქციაზე საუბრამდე, თათიას სამკაულთან დაკავშირებული პირველი მოგონების გახსენება ვთხოვე:
– სამკაულთან დაკავშირებით ჩემი პირველი მოგონებები ბავშვობის წლებს უკავშირდება. ძალიან მიყვარდა დეიდაჩემის აქსესუარების ასხმა. მას დედისგან განსხვავებით ბევრად მდიდარი კოლექცია ჰქონდა. დავიხუნძლებოდი და ასე დავდიოდი ოთახიდან ოთახში, დედაჩემის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მოდების ჩვენებებს ვაწყობდი. თავისებურად არტისტული ბავშვი ვიყავი.
– როდის და რატომ გაგიჩნდა აქსესუარების შექმნის სურვილი, საიდან დაიწყო ყველაფერი?
– სამკაულის შექმნის სურვილი ოდნავ გვიან მოვიდა, მანამდე სამოყვარულო დონეზე ვხატავდი, ვძერწავდი, საახალწლო აქსესუარებს ვამზადებდი, ბისერებისგან და კრისტალებისგან ყელსაბამებს და სამაჯურებს ვქსოვდი, გამომწვარი თიხის ქვევრების და ჭინჭილების დეკუპაჟს ვაკეთებდი. სხვადასხვა ტექნიკაში მუშაობის მცდელობა ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის, რამდენად შევძლებდი თავის გართმევას, გამომივიდოდა თუ არა. გამოვიდა, რადგან რაც ჩამოვთვალე შემდეგ პირწმინდად გაიყიდა. და რადგან შემოქმედი ადამიანი მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს, ბედი სამკაულის განხრითაც ვცადე. თავდაპირველად ცოტა რთულად მეჩვენებოდა, არ ვიცოდი დეტალები, რა და როგორ უნდა მეკეთებინა, მაგრამ კარგი ვიზუალური მეხსიერება მაქვს, რასაც ვუყურებ, მომენტალურად მამახსოვრდება. რამდენიმე სასარგებლო ვიდეოჩანაწერი საკმარისი აღმოჩნდა, რომ დამეწყო საქმე, რომელიც არა მხოლოდ ჰობად, არამედ პატარა ბიზნესად იქცა.
– ამჟამად რა მასალებითა და ტექნიკით მუშაობ და დროთა განმავლობაში, შეიცვალა თუ არა სამკაულის შექმნის შენეული ხედვა?
– შთაგონების წყარო არის მასალა, რომელიც სამუშაო მაგიდაზე მიდევს, ფერები, რომლითაც „ჟონგლიორობა“ ძალიან მიყვარს. ძირითადად ვმუშაობ ტყავისა და ქვების კომბინირებულ ბეჭდებზე, სამაჯურებსა და ყელსაბამებზე. ვიყენებ ბოთლის საცობებს, ეპოქსიდს და ცოცხალ ყვავილებს, რომელთა ჰერბარიუმსაც თავად ვაკეთებ. თუკი ადრე მარტივ სამკაულს ვამზადებდი, ახლა უპირატესობას განსხვავებულ ფორმებს ვანიჭებ.
– რატომ აარჩიე შენი ბრენდის სახელად „გურაბანი“?
– ადრე, ჟურნალისტად მუშაობის დროს სხვადასხვა გამოცემისთვის სტატიებს ვწერდი. მაშინდელი კანონმდებლობით, თუ სწორად მახსოვს, ორ სამსახურში (სახელმწიფო და კერძო) მუშაობა გვეკრძალებოდა, ამიტომაც ფსევდონიმად გურაბანი ავიღე, რაც გურაბანიძის შემოკლებული ვარიანტია. ჩემი დიდი ბებია, რაჭველი აზნაური ქალი, რომელზეც ბევრი კარგი მსმენოდა, გურაბანიძე იყო და ბავშვობიდან ძალიან მომწონდა გვარის შემოკლებული ვარიანტი. როცა საკუთარი ბრენდისთვის სახელის არჩევის წინაშე დავდექი, ბევრი არ მიფიქრია. გურაბანი – ამაზე უკეთესს და ორიგინალურს ვერაფერს მოვიფიქრებდი.
– როგორი იყო მომხმარებლის უკუკავშირი თავდაპირველად, როგორია ახლა და ზოგადად, დროთა განმავლობაში რა გასწავლა მომხმარებელთან ურთიერთობამ?
– პირველად, ალბათ, როგორც ყველამ, საკუთარი პროდუქტის რეალიზება ახლობლებიდან დავიწყე. გამიმართლა, მეგობრებმა დიდი სტიმული მომცეს. რაც შეეხება გარეშე პირებს, აქაც გამიმართლა, ჩემი ნაკეთობით უკმაყოფილო ადამიანი ჯერ არ შემხვედრია. მომხმარებელთან ურთიერთობა სასიამოვნოც არის და რთულიც (ეს არ ეხებათ მხოლოდ ქართველებს), ამ პროცესმა მოთმინების უნარი გამომამუშავებინა.
– დღეს, როდესაც ბაზარზე სამკაულის არაერთი ბრენდი არსებობს, რა გზებს მიმართავ, შენი ნიშა რომ გქონდეს?
– გაგიკვირდებათ და არანაირ გზას არ მივმართავ. როცა სამუშაო მაგიდასთან ვჯდები, მაშინვე ირთვება კრეატივი და გემოვნება და იბადება ახალი ნამუშევარი. მხოლოდ ერთადერთი პრინციპი მაქვს – ყველა სამკაული საავტოროა და არცერთი არ მეორდება.
– რას ნიშნავს ქმნიდე ისეთ ნივთებს, რომლებითაც ადამიანები არა მხოლოდ თავს ილამაზებენ, არამედ განწყობასაც იქმნიან?
– ეს არის სიხარული, ბედნიერება, აღმაფრენა, სიამაყე, საკუთარი თავის რწმენა. ხშირად მქონია შემთხვევა, როცა მომხმარებელი მოსულა და ხელზე ჩემ მიერ შექმნილი ბეჭედი, სამაჯური ან სულაც ყელსაბამი უჩვენებია: „აი, ნახეთ, ხელიდან არ ვიშორებ, ყველას ვეუბნები, რომ ეს „გურაბანია“, „თქვენს სამკაულს ბედნიერება მოაქვს, კარგი აურა აქვს“. თითქოს არაფერი, მაგრამ ამავე დროს ასეთი შეფასებები ყველაფერია.
– ერთია, სამკაულს შენი გემოვნებით ქმნიდე, მაგრამ სრულიად სხვაა შეკვეთა. ამ დროს რა სირთულეებს გადაწყდომიხარ?
– ჩემმა მომხმარებელმა იცის, რომ არასოდეს ვიმეორებ სხვა დიზაინერის მიერ შექმნილ ნამუშევარს და არც მათი დიზაინით ვქმნი. ასეთ შემთხვევაში „გურაბანი“ „გურაბანი არ იქნებოდა და მეც მხოლოდ შემსრულებელი ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილს ქვების არჩევანში (ზოდიაქო, ქვის ზომა), სხვა ნიუანსებში კი არ ვრევ. თუ ჩემამდე მოხვედი, უნდა მენდო, თუ არა და, სხვას უნდა მიმართო. ერთადერთი შემთხვევა მქონდა ჩემს პრაქტიკაში, როდესაც ჩემივე შექმნილი, გაყიდული ყელსაბამის ასლის დამზადება მთხოვეს. წინასწარ გავაფრთხილე, რომ ზუსტად ისეთი არ და ვერ გამოვიდოდა. მომხმარებელი დამთანხმდა და კმაყოფილიც დარჩა.
– როგორ აწარმოებ საფასო პოლიტიკას, რას აქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას?
– საქართველოში ეს ყველაზე მტკივნეული თემაა. დიდი შრომის მიუხედავად, მიჭირს საკუთარ პროდუქტზე ფასის განსაზღვრა. ვითვალისწინებ ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. სწორედ აქედან გამომდინარე აქვს „გურაბანს“ სამკაულის ხელმისაწვდომი და ძვირად ღირებული ხაზები. ზოგადად კი, ჩემთვის მასალის ხარისხი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.
– როგორ ხედავ „გურაბანის“ მომავალს? რა გჭირდება განვითარებისთვის, ვისი მხრიდან და როგორი ხელშეწყობა?
– მაქვს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარსულს უკავშირდება. თვეები მოვანდომე ამ მასალის შესწავლას. ისტორია, რომელიც სამკაულში გაცოცხლდება, ვფიქრობ, უცხო უნდა იყოს მომხმარებლისთვის. მას კულტურულ-შემეცნებითი დატვირთვაც ექნება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პროექტის სისრულეში მოყვანას არც თუ მცირე თანხა სჭირდება, მაგრამ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედი მაქვს. ცხოვრებაში რაც კი მიზნად დამისახავს, ადრე თუ გვიან, განმიხორციელებია. ამ გამოწვევასაც გავუმკლავდები.
– შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ „გურაბანმა“ საკუთარ თავში რაღაც ახალი გაპოვნინა? როგორი იყო თათია „გურაბანამდე“ და როგორია „გურაბანთან“ ერთად?
– უფრო გაბედული გავხდი, საკუთარი შესაძლებლობების ვიწამე. როგორც ამბობენ, „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. რომ არა ერთი არასასიამოვნო ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, „გურაბანი“ არ იარსებებდა.