აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებას, რომ „თუკი რუსეთთან ფრენები დაიწყება, ეს დასავლეთის მზარდი შეშფოთების საგანი იქნება“, საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, „აშშ-დან მუქარის ტონი მოდის“. მისივე თქმით, „დამთავრდა ის დრო, როცა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველო მუქარის ტონს აიტანს“.
„ხედავთ როგორი დამოკიდებულება არსებობს – პარტნიორი ქვეყანა მუქარის ტონით ელაპარაკება საქართველოს, მაშინ როცა ცალმხრივად თვითონ მიიღო ოკუპანტმა ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომლისკენაც თვითონ მოუწოდებდნენ, ეს არის ზუსტად ანტიამერიკული განცხადება.
რა გგონიათ, საქართველოს საზოგადოება ვერ ხვდება ამას? შე დალოცვილო, მეუბნები, რომ პარტნიორი ხარ, რომ რუსეთზე მეტად ჩემზე ზრუნავ და ამ დროს, რუსეთმა 2019 წელს ჯერ თავად დაასანქცირა ჩვენი მოსახლეობა და თვითონ ეუბნებოდნენ აღადგინეო, ახლა ცალმხრივად ისევ თვითონ მოხსნა და მუქარის ტონი მოდის აშშ-დან. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-შიც არსებობენ ის ძალები, რომლებიც მაინც პატივს სცემენ პარტნიორულ ურთიერთობას. დამთავრდა ის დრო, როცა საქართველო აიტანს მუქარის ტონს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვედანტ პატელის თქმით, ვითარების მონიტორინგი გაგრძელდება და დამატებით ნაბიჯებს აშშ საჭიროების მიხედვით გადადგამს.