შეგვიძლია ოპოზიციას პარლამენტში ადგილი გამოვუყოთ – შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, ითამაშონ, ახალი წელი მოდის და შეიძლება ნაძვის ხეც მივუტანოთ, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიცია კომიკურ მდგომარეობაში იმყოფება.
„ოპოზიციას, მათ ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ დავუჯეროთ, დღეს გიორგი ვაშაძეა პრემიერ მინისტრი, ოპოზიცია საკონსტიტუციო უმრავლესობაშია. ველოდები, რომ ცოტა ხანში პირველ სხდომასაც გამართავენ, ოღონდ თავმჯდომარეზე შეიძლება გაუჭირდეთ შეთანხმება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ არჩეულ დეპუტატებს შორის პარლამენტში შესვლის საკითხზე ერთგვაროვანი აზრი არ არის.
ის ოპოზიციას მიმართავს, რომ თუ პარლამენტის წევრობა არ სურთ, მათ პარლამენტში შემოსვლას არავინ დააძალებს, ოღონდ უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტს მხოლოდ მას შემდეგ მიმართონ, რაც მათი სადეპუტატო სტატუსი იქნება ცნობილი.
„პარლამენტის პირველ სხდომამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მაინტერესებს, რატომ ვერ ითმენენ პირველ სხდომამდე? – უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებით პირველ სხდომაზე მობრძანდნენ და მას შემდეგ, რაც მათ სადეპუტატო სტატუსს ვცნობთ, ეს განცხადებები დატოვონ პარლამენტის კანცელარიაში. ამას რატომ არ აკეთებენ?! – არ აკეთებენ იმიტომ, რომ განცხადებას ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაწერს. სწორედ ამიტომ რაღაც მოჩვენებით სპექტაკლებს დგამენ. კარგად ვხედავთ, მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა“, – განმარტა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების თაობაზე არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და ყველაფერი მხოლოდ ოპოზიციის აღქმების დონეზეა.
„დასრულდა აღქმების სამყარო და დადგა რეალობის სამყარო – ამას შეეგუონ!“, – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.