ოზურგეთის პოლიციამ ფულის გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით 68 წლის მამაკაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულს ბრალი სხვა დანაშაულთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმაშიც ედება, რომელმაც ქვეყანა დატოვა.
„ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს – ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია.
22 მაისს კი ბ.ს.-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია განცხადებაში.