ლიტველი ბიზნესმენები ქალაქ ოზურგეთში თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობის შესაძლებლობას სწავლობენ და სამუშაო შეხვედრებს მართავენ.
ამ მიზნით დღეს ინვესტორები გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ჩადებს თუ არა ლიტვური მხარე ინვესტიციას ოზურგეთში ექადიის პარკის განვითარებაში ამის შესახებ გადაწყვეტილებას ისინი მოგვიანებით მიიღებენ. გუბერნიის ინიციატივით ქალაქ ალიტუსში მდებარე ანალოგიური პარკის დამფუძნებლებთან გაიმართა კონსულტაცია, რის შემდეგადაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება ადგილზე ენახათ სიტუაცია და შეედგინათ განვითარების კონცეფცია. ჩვენ ინვესტორთა ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ“- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.
შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.