გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება. ინფორმაციას Forbes Georgia ავრცელებს, რომელიც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გურია ფიშ ფარმინგის“ დირექტორს, ვანო დობორჯგინიძეს ესაუბრა.
„პროექტი შავი ზღვის სანაპიროსთან სათევზე მეურნეობის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც ნორვეგიული ორაგული მოშენდება. ის რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება, რის შემდეგაც დაახლოებით 300 ტონა თევზის წარმოებას შევძლებთ. სამშენებლო პროცესის პარალელურად, სათევზე მეურნეობა გაიზრდება და თანდათან წარმოებაც მოიმატებს. პროექტის ყველა ეტაპის განხორციელებას ჯამში ხუთი წელი დასჭირდება. ამის შემდეგ, ჩვენი გათვლით, 5-დან 10 ათას ტონამდე ორაგულის წარმოებას შევძლებთ“, – ამბობს ვანო დობორჯგინიძე Forbes Georgia-სთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, „გურია ფიშ ფარმინგი“ ადგილობრივ ბაზარს მოიცავს, თუმცა, წარმოების ისეთ მასშტაბებზეა საუბარი, რომ საქართველო პროდუქტის მთლიანად ათვისებას ვერ შეძლებს, შესაბამისად, გურიაში წარმოებული ორაგულის ძირითადი მასა ექსპორტზე გავა.