LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ღვინის ფესტივალი მეხუთედ ჩატარდება

112
გურჯაანი

14 ოქტომბერს, ქალაქ გურჯაანის ახტალის პარკში (თამარ მეფის ქ.#9) „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023“ ჩატარდება.

მეღვინეობის ქალაქში ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართება და მასზე გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები ტრადიციულ კერძებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ღვინის დღეების ფარგლებში იმართება. მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მიზანი უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა გახლავთ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა. ქართული და საერთაშორისო ღვინის ექსპერტთა ჯგუფმა 500 ქართული ღვინო შეაფასა და ისინი რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით დააჯილდოვა.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 20 სექტემბერს სრულდება.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ მონაწილეობა და დასწრება ტრადიციულად წელსაც უფასო იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები