თუ გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული პროცედურები დაიცვა, მას ჰქონდა გასროლის უფლება – ამის შესახებ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “კრწანისის” ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება ტრაგედიაა, თუმცა, მეორე მხრივ, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირები პერიმეტრის დარღვევას აპირებდნენ.
“პი უცხო პირები არაკანონიერად აპირებდნენ პერიმეტრზე შეღწევას, გუშაგი ვალდებული იყო მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, თუ პირი არ დაემორჩილება, მაშინ გუშაგმა ჰაერში უნდა გაისროლოს და თუ პირები ისევ გააგრძელებენ ტერიტორიის მიმართულებით სვლას ან გუშაგზე თავდასხმას, მაშინ გუშაგს უფლება აქვს და წესდება სთხოვს, რომ გაისროლოს. თუ “კრწანისის” ცენტრის გუშაგმა ეს ფაზები შეასრულა მიმდევრობით, მაშინ მას კანონი არ დაურღვევია” – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირები შეჭრას ცდილობდნენ. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგი წესდების მიხედვით მოიქცა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცევა მოახერხა.